ნასამ მზეზე სრულიად ახალი სახის მაგნიტური აფეთქება დააფიქსირა
17:36, 20.12.2019
მზის ზედაპირი არასოდეს წყნარდება. გაზის ამ მწველი ბურთის თავზე სუპერცხელი პლაზმის უწყვეტი დინება წარმოქმნის მაგნიტურ ველთა თოკებს, რომლებიც ერთმანეთში იგრიხება და იხლართება.
ვარსკვლავის ბრუნვასთან ერთად, ეს უხილავი ხაზები იხლიჩება და კვლავ ერთდება, რაც ანთებებეს, შტორმებსა და პლაზმის ამოფრქვევებს იწვევს.
ამ ფენომენს მაგნიტური შეერთება ეწოდება და აქამდეც არაერთხელ იყო შემჩნეული არა მხოლოდ მზეზე, არამედ ჩვენი პლანეტის გარშემოც. თუმცა, ამ დრომდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ სპონტანური შეერთებები.
ახლახან, პირველად ისტორიაში, ნასას მზის დინამიკის ობსერვატორიის ასტრონომები დააკვირდნენ მაგნიტურ აფეთქებას მზეზე, რომელიც გამოწვეული იყო ახლომდებარე ამოფრქვევით — ეს გახლდათ უფრო იძულებითი, ვიდრე სპონტანური შეერთება.
მზის მატერიის ეს დიდი გამონადენი ვარსკვლავის ატმოსფერის ზედა მისადგომებში გაიტყორცნა, შემდეგ კი უკან ჩამოცვივდა, მაგნიტური ველის ხაზების აბლაბუდაზე, რამაც გამოიწვია ხელახალი შეერთება განსხვავებული, X-ის ფორმით.
ინდოეთის ქალაქ ვარანასის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მზის მეცნიერის, აბიშეკ სრივასტავას განცხადებით, ეს გახლდათ პირველი დაკვირვება მაგნიტური შეერთების გარე წარმმართველზე.
მისი თქმით, ეს შეიძლება ძალიან გამოგვადგეს სხვა სისტემათა კვლევაში. მაგალითად, დედამიწისა და პლანეტუტი მაგნიტოსფეროების შესწავლაში, მაგნეტიზებული პლაზმის სხვა წყაროების კვლევაში, თუნდაც ლაბორატორიული მასშტაბის ექსპერიმენტებში, რომლებშიც პლაზმა ძლიერ დიფუზიური და საკონტროლებლად ძალიან ძნელია.
მიჩნეულია, რომ ყველაზე ზედა ნაწილში, რომელსაც გვირგვინი (კორონა) ეწოდება, მაგნიტური შეერთება მთავარ როლს თამაშობს ამ ჭარბი სიცხის წარმოქმნაში. თუმცა, ამის მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის და მეცნიერთა შორის დიდი დებატების საგანია.
უცნობია ამ ფენომენისთვის საჭირო იდეალური გარემო პირობებიც, მაგრამ როგორც ახალი აღმოჩენა მიუთითებს, ნამდვილად სწორ გზას ვადგავართ. იძულებითი შეერთების მოვლენის არსებობის შესახებ მოსაზრება პირველად 15 წლის წინ გამოითქვა და ამჯერად, გარკვეულწილად უკვე ვიცით იმ ზუსტ გარემოებათა შესახებ, რაც მისი მოხდენისთვისაა საჭირო.
ულტრაიისფერი სინათლის მრავალ სხვადასხვა ტალღის სიგრძეში დაკვირვების შემდეგ, ასტრონომებმა გამოიანგარიშეს ამოტყორცნილი პლაზმის ტემპერატურა მის უკან დაცემამდე და დაცემის შემდეგ. გაირკვა, რომ ამოფრქვეული მატერია საკმაოდ ცივი იყო მცხუნვარე გვირგვინში შესვლამდე.
ამოფრქვეული მატერია უკან, მაგნიტური ველის ხაზებზე დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაეცა, რის შემდეგაც მისი ტემპერატურა საგრძნობლად გაიზარდა.
ეს კი ასტრონომებს აფიქრებინებს, რომ იძულებით შეერთებას შეუძლია არა მხოლოდ გააცხელოს მზის მატერია, არამედ ხდება ბევრად უფრო მეტად კონტროლირებადი ხასიათით, სწრაფად და ძლიერად, ვიდრე სპონტანური შეერთება.
როგორც ჯგუფი წერს, ციფრულ მოდელთან კავშირში დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ მზის გვირგვინში იძულებითი შეერთება შეიძლება, სწრაფად და ეფექტიანად ხდება მაღალი მაჩვენებლებით.
მათი თქმით, ეს ფიზიკური პროცესი შეიძლება ადგილობრივად აცხელებდეს გვირგვინს მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული დიფუზიური რეგიონის გარეშეც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის ეს ნაკადები ისეთივე გამორჩეული არ არის, როგორც მზის ანთებები, მაინც საკმარისია გარეთ მიმავალი პლაზმის ჭავლების წარმოსაქმნელად, რის საფუძველზეც კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ამოფრქვევა მოიხმარს იძულებითი მაგნიტური შეერთების შედეგად გამომუშავებულ ენერგიას.
ავტორთა აზრით, ამ შეერთებას შეიძლება აიძულებდეს მზის ამოფრქვევათა სხვა ფორმებიც. ამჟამად ისინი უფრო მეტ მაგალითებს ეძებენ, რათა განსაზღვრონ, რამდენად ხშირად ხდება ეს ფენომენი მზეზე.
სრივასტავას განცხადებით, მათ მიაჩნიათ, რომ იძულებითი შეერთებები ყველგანაა, მაგრამ ამის დამტკიცებას კვლევების გაგრძელება სჭირდება.