NASA-ს პლანეტებზე მონადირე ტელესკოპი უკვე კოსმოსშია - TESS-ი ორბიტაზე წარმატებით გავიდა
NASA-ს პლანეტებზე მონადირე ტელესკოპი უკვე კოსმოსშია - TESS-ი ორბიტაზე წარმატებით გავიდა

რამდენიმე საათის წინ, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან, კოსმოსში გაეშვა NASA-ს ახალი კოსმოსური ობსერვატორია TESS-ი (Transiting Exoplanet Survey Satellite).

ხომალდი კოსმოსში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა. აფრენიდან 49 წუთის შემდეგ, ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გავიდა. გარდა ამისა, გაშვებიდან 9 წუთის შემდეგ, უკან დაბრუნდა და ატლანტის ოკეანეში, სპეციალურ „გემ-დრონზე“ წარმატებით დაჯდა Falcon 9-ის გამწევი.

სულ მცირე ორი წლის განმავლობაში, TESS-ი დაასკანირებს თითქმის მთელ ცას და დააკვირდება ახლომდებარე კაშკაშა ვარსკვლავებს, რათა მათ გარშემო მოძრავი პლანეტები იპოვოს. მოხდება ასობით ათასი ვარსკვლავის შესწავლა. ნავარაუდევია ათასობით ეგზოპლანეტის, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტის აღმოჩენა.

ჩვენ წინაშე წარსდგება კლდოვანი და ყინულოვანი პლანეტები, გაზის გიგანტები, ალბათ წყლით დაფარული პლანეტებიც; სუპერდედამიწები, ანუ პლანეტები, რომელთა ზომაც დედამიწასა და ნეპტუნს შორის მერყეობს. ვინ იცის, იქნებ დედამიწის ტყუპისცალიც ვიპოვოთ.

„ცა უფრო ლამაზი და თვალწარმტაცი გახდება, რადგან გვეცოდინება, რომ ღამით მოკიაფე ვარსკვლავებთან პლანეტებია“, — ამბობს NASA-ს სამეცნირო ხელმძღვანელი თომას ზურბუხენი.

მისი თქმით, TESS-ისა და სხვა მისიათა აღმოჩენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ისეთ კითხვებზე პასუხებთან, რომლებიც კაცობრიობას უკვე ათასობით წელიწადია, აწუხებს.

Liftoff of TESS, the Planet Hunter

LIFTOFF! NASA's Transiting Exoplanet Survey Satellite – TESS launched from planet Earth today at 6:51 p.m. EDT to hunt for planets around some of the closest and brightest stars. Over the course of 2 years, TESS will use 4 cameras to search nearly the entire sky for these unknown worlds outside our solar system. Learn more: http://go.nasa.gov/2HcZklo

Posted by NASA – National Aeronautics and Space Administration on 2018 წლის 18 აპრილი, ოთხშაბათი

 

არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა? და თუ არსებობს, მიკრობულია თუ უფრო განვითარებული?

თუმცა, TESS-ი სიცოცხლეს არ მოძებნის. ის ამისთვის არაა შექმნილი. იგი ინადირებს ყველა სახის პლანეტებზე, განსაკუთრებით კი სასიცოცხლო ზონაში მოძრავ ეგზოპლანეტებზე. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც ტემპერატურა ხელსაყრელია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისათვის.

TESS-ის მიერ აღმოჩენილ ყველაზე იმედისმომცემ კანდიდატებს მოგვიანებით შეისწავლის უფრო დიდი და მძლავრი ობსერვატორიები, მაგალითად, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2020 წელს გაეშვება და ჩაანაცვლებს ჰაბლის ტელესკოპს. ეს ტელესკოპები შეისწავლიან პლანეტათა ატმოსფეროებს და იქ მოძებნიან სიცოცხლისთვის საჭირო ნებისმირ ინგრედიენტს: წყლის ორთქლს, ჟანგბადს, მეთანს, ნახშირორჟანგს.

„TESS-ი გვეტყვის, სად და როდის ვეძებოთ ეს ყოველივე“, — ამბობს მისიის უფროსი მეცნიერი ჯორჯ რიკერი.

TESS-ი NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრეა. გასული ცხრა წლის განმავლობაში, კეპლერის მისიამ ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, მაგრამ ახლა, საწვავი ეწურება და რამდენიმე თვეში უმოქმედო გახდება.

კეპლერს აღმოჩენილი აქვს 2600 ეგზოპლანეტა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ TESS-ის შედეგი სულ მცირე ორჯერ მეტი უნდა იყოს. მისი ოთხი ფართო ხედვის კამერა სამეცნიერო დაკვირვებებს ზაფხულში დაიწყებს.

ამ დროისთვის სულ აღმოჩენილია 3700-ზე მეტი დადასტურებული ეგზოპლანეტა, 4500-ზე მეტი კი ჯერ დაუდასტურებელია.

დაახლოებით 25 წლის წინ, ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის პლანეტების შესახებ ვიცოდით. პირველი ეგზოპლანეტა 1995 წელს აღმოაჩინეს.

კეპლერის ტელსკოპი ფოკუსირებული იყო ჩვენგან ათასობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტებზე, TESS-ი კი ძირითადად ჩვენს ვარსკვლავურ სამეზობლოს შეისწავლის, რამდენიმე ათეული ან ასეული სინათლის წლის რადიუსში. მის სამიზნეთა დიდი ნაწილი იქნება ცივი, წითელი ჯუჯა ვარსკვლავები, რომლებიც ბევრი პლანეტებით გამოირჩევიან.

პლანეტათა საპოვნელად, ისევე როგორც კეპლერი, TESS-იც ტრანზიტის მეთოდს გამოიყენებს, ანუ დააკვირდება რეგულარულ ჩაბნელებებს ვარსკვლავთა სინათლეში, რაც მათ წინ პლანეტათა ჩავლის მანიშნებელია.

მიუხედავად ასეთი დიდი მიზნებისა, TESS-ის მისია შედარებით კომპაქტურია და იაფი. მისი მომზადება 337$ მილიონი დაჯდა.

1,5 მ X 1,2 მ ზომისა და 362 კგ წონის ხომალდი დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე იმოძრავებს.

17 მაისს, TESS-ი რამდენიმე ათასი კილომეტრით მიუახლოვდება მთვარის ზედაპირს. მთვარის გრავიტაცია თანამგზავრს შესაბამის ორბიტაზე გასვლასა და იქ დარჩენაში დაეხმარება. დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრთან გადაფრენისას, გაითიშება ხომალდის ოთხივე კამერა.

უახლეოს დღებში, NASA-ს წინ ელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია. 5 მაისს, სააგენტო კალიფორნიიდან წითელ პლანეტაზე გაუშვებს მარსმავალ InSight-ს.

 

მომზადებულია nasa.gov-ისა და space.com-ის მიხედვით