NASA-ს მეცნიერი კონსპირაციონისტთა პლანეტა ნიბირუს შესახებ საუბრობს - შეწყვიტეთ ხალხის დაშინება
დევიდ მორისონი NASA-ს ნამდვილი მეცნიერია, რომელიც ნამდვილ პლანეტებს სწავლობს და ნამდვილ აღმოჩენებს აკეთებს ნამდვილი სამყაროს შესახებ.
მისდა სამწუხაროდ, მორისონის მოვალეობებში ასევე შედის ინტერნეტში ხშირად გავრცელებული თეორიების გაქარწყლება, რომ თითქოს, რომელიღაც ყალბი პლანეტა დედამიწას გაანადგურებს. მსგავსი ჭორები ამ მოვლენას ჯერ 2003 წელს ვარაუდობდა, შემდეგ 2012-ში, შემდეგ 2017 წლის 23 სექტემბერს, შემდეგ ოქტომბერში, ამჯერად კი, აპოკალიფსს უახლოეს ხანებში კვლავ ელოდებიან.
ასტრონომი ამ თემაზე შეკითხვას არასერიოზულს უწოდებს.
„თქვენ მთხოვთ აბსოლუტურად არალოგიკური მოსაზრების ლოგიკურ ახსნას“, — თქვა მორისონმა SETI-ს ინსტიტუტის ამ კვირის პოდკასტში მას შემდეგ, რაც წამყვანმა სამ თვეში მოსალოდნელ აპოკალიფსზე ჰკითხა.
„ასეთი პლანეტა არ არსებობს, არც არასდროს არსებულა და არც არასდროს იარსებებს, თუმცა ეს ჭორები აღარ სრულდება“.
მისი იმედგაცრუება ადვილად გასაგებია. ფსევდომეცნიერებასა და სახალხო წარმოდგენაზე დაყრდნობით, ეს თეორია დაჟინებით იჩემებს, რომ მზის სისტემის კიდეებზე მოძრაობს პლანეტა სახელად „ნიბირუ“ (ან პლანეტა X).
მათი მტკიცებით, იგი იმდენად შორსაა, რომ მისი შემჩნევა არავის შეუძლია, მაგრამ იგი გეზს დედამიწისკენ აიღებს და შეეჯახება ან იმდენად ახლოს გაუვლის, რომ გამოიწვებს გრავიტაციულ აპოკალიფსს.
„დარწმუნებული ვარ, ნიბირუ უბრალოდ რიგითი ინტერნეტ-ჭორი იყო, რომელიც სწრაფად გავრცელდა“, — წერდა მორისონი 2008 წელს, მას შემდეგ, რაც დედამიწასთან ნიბირუს 2012 წელს შეჯახების შესახებ ჰკითხეს.
„დღეში სულ მცირე ერთი შეკითხვა მომდის, როგორც მტანჯველი შინაარსის (ვერ ვიძინებ, შეშინებული ვარ, არ მინდა სიკვდილი), ისე შეურაცხმყოფელი (რატომ იტყუებით; ჩემს ოჯახს თქვენ საფრთხის ქვეშ აყენებთ, როდესაც NASA ამას უარყოფს, მაგრამ შემდეგ რომ მართალი აღმოჩნდეს)“, — წერდა იგი.
მორისონმა მაშინ დეტალური ახსნა-განმარტება გააკეთა, რომელსაც იგი დღემდე იმეორებს: არ არსებობს ნიბირუს არსებობის მტკიცებულება; და თუკი ის არსებობს, იგი საიმედოდ იქნება ჩაჭედილი გარე პლანეტებს გადაღმა ორბიტაზე; მის მოსვლას ხალხი ადრეც პროგნოზირებდა, რაც მცდარი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ლოგიკა არ მუშაობს. მორისონის თქმით, 2012 წლის ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსის მოახლოებასთან ერთად, NASA-ს ელექტრონული ფოსტა პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების წერილებმა წალეკა.
სააგენტოში შიდა ორაზროვნება გაჩნდა, ეპასუხათ თუ არა ხალხისთვის; საბოლოოდ, NASA-ს დირექტორმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო გარკვეული მოქმედება.
საქმეში მორისონი ჩართეს, რომლის კარიერაც ათწლეულებს ითვლიდა და ნამუშევარი ჰქონდა NASA-ს ვოიაჯერის, გალელეოსა და კეპლერის მისიებზე. მორისონი იძულებული გახდა, შეშინებული ბავშვებისთვის სპეციალური YouTube ვიდეოები ჩაეწერა.
„შეტყობინება მივიღე 12 წლის გოგონასგან. მწერდა, რომ ის და მისი კლასელები შეშინებულები იყვნენ. ყველაზე მარტივი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ არ არსებობს პლანეტა ნიბირუს არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები“, — ამბობს მორისონი 2011 წლის ვიდეოში.
ალბათ თქვენც დარწმუნდით, რომ 2012 წელს დედამიწას არც მოჩვენება-პლანეტა დასცემია და არც „შავი ვარსკვლავი“.
ისიც ცხადია, რომ ამ თემაზე ჭორები და შიშები დღემდე არ ცხრება, რაც ზიანს აყენებს მორისონის შრომას.
კონსპირაციის თეორიის მიმდევრებმა ნიბირუს თეორიის განსამტკიცებლად წელს ბიბლიას უხმეს. იშველიებდნენ იოანეს გამოცხადებას და ამტკიცებდნენ, რომ 23 სექტემბრიდან დაიწყებოდა მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები და მოქცევითი ტალღები.
სექტემბერმაც გაიარა. კონსპირაციონისტები არ დაიბნენ, დრო შეასწორეს და აპოკალიფსის თარიღად ამჯერად 15 ოქტომბერი გამოაცხადეს; ამ დღემაც მშვიდობიანად განვლო.
თუმცა, ტაბლოიდები და YouTube-ის გარკვეული არხები უმალ გადაერთვნენ აპოკალიფსური თეორიების მქონე სხვა ადამიანებზე. მათ შორის ბოლოს იყო ბლოგერი, რომელიც პროგნოზირებს, რომ კვირას, ნიბირუ, მზე და დედამიწა ერთ ხაზზე განლაგდება, რაც მიწისძვრათა მთელ სერიას გამოიწვევს.
ნიბირუს შესახებ თეორიები იმდენად უხვი გახდა, რომ თუკი ბევრ დროს დახარჯავთ YouTube-ზე ან PlanetXNews.com-ის კითხვაში, აღმოაჩენთ, რომ აპოკალიფსი მოსალოდნელია კვირის ნებისმიერ მოცემულ დღეს.
სწორედ ამიტომ იყო მორისონი SETI-ს ამ კვირის პოდკასტში, კვლავ მოიშველია თავის მეცნიერება, რათა განემარტა, რომ დედამიწას მსგავსი არაფერი ელის.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით