„მბჟუტავი“ ვარსკვლავის საიდუმლო - მნათობი, რომელიც საკუთრ პლანეტებს ყლაპავს
„მბჟუტავი“ ვარსკვლავის საიდუმლო - მნათობი, რომელიც საკუთრ პლანეტებს ყლაპავს

როგორც ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, უცნაური, იმპულსურად მოციმციმე ვარსკვლავი სახელად RZ თევზები შეიძლება ხარბად სანსლავდეს განადგურებულ პლანეტათა ნარჩენებს; თუ ეს ასეა, ამოიხსნება დიდი ხნის საიდუმლო ვარსკვლავის ასაკისა და მის შემოგარენში მიმდინარე აქტივობათა შესახებ.

ტელესკოპით 11-საათიანი დაკვირვების შედეგად შეგროვილი მონაცემების გამოყენებით, ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ RZ თევზები ჩვენი მზის მსგავსი, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვარასკვლავური თვალსაზრისით ის ჯერ „ჩვილი ბავშვია“, მას გარშემო არ უნდა ჰქონდეს იმდენი ნარჩენი და ნაშალი მასალა, როგორც ეს დაკვირვებებმა აჩვენა.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ის პლანეტის ნარჩენებს ჭამს. მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, RZ თევზების სისტემაში ერთი ან მეტი პლანეტა დაიშალა ან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი ჩამოყალიბების პროცესი და ვარსკვლავი ნარჩენი მასალებით ნადიმობს.

„როგორც ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, სისტემაში არის გაზისა და მტვრის ნარჩენთა მნიშვნელოვანი გროვები, რომლებიც ვარსკვლავის შუქს დროგამოშვებით ბლოკავენ და სავარაუდოდ, სპირალურად ჩაედინებიან ვარსკვლავში“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერი წევრი, როჩესტერის ტექნოლოგიური ისნტიტუტის (ნიუ-იორკი) მკვლევარი კრისტინა პუნცი.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა ახსნაც მოიძებნოს, ვეჭვობთ, რომ ეს მასალები შეიძლება წარმოქმნილი იყოს ვარსკვლავის გარშემო მოძრავ მასიურ სხეულთა დამსხვრევის შედეგად“.

ვარსკვლავის სინათლის ბლოკირება ასტრონომებს თავსატეხს უჩენდა და უცბად გაჩნდა ორი ჰიპოთეზაც: ის ან ასტეროიდთა სარტყლით გარშემორტყმული ახალგაზრდა ვარსკვლავია, ანდაც ბებერი ვარსკვლავი, რომელიც წითელი გიგანტის ფაზაშია გადასული და ზომაში ზრდასთან ერთად, საკუთარ პლანეტებს ანადგურებს.

ამ ყველაფერზე პასუხის საპოვნელად, ასტრონომებმა შეაგროვეს სხვადასხვა ტელესკოპთა მიერ შეგროვილი უზარმაზარი ოდენობის მონაცემები; მათ შორის იყო ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი XMM-ნიუტონი, ლიკის ობსერვატორიის 3-მეტრიანი შეინის ტელესკოპი და ჰავაიზე განთავსებული 10-მეტრიანი ტელესკოპი კეკ I.

როგორც მონაცემები აჩვენებს, RZ თევზები ათასობით მეტ რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე ჩვენი მზე — „დამსმენი“ ნიშანი იმისა, რომ ამ ვარსკვლავმა სიცოცხლე სულ ახლახან დაიწყო.

550 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ამ ვარსკვლავზე დაკვირვებისას გაირკვა ისიც, რომ მისი ზედაპირის ტემპერატურა 5330 გრადუსი ცელსიუსია; დადგინდა ისიც, რომ იგი მდიდარია ლითიუმით — კიდევ ერთი მინიშნება მის ასაკზე.

„ასაკის მატებასთან ერთად, ვარსკვლავის ზედაპირზე ლითიუმის ოდენობა მცირდება, შესაბამისად, ის ერთგვარი საათის როლს ასრულებს, რაც მისი დაბადების დროის გამოთვლის საშუალებას გვაძლევს. როგორც ლითიუმის გაზომვამ აჩვენა, RZ თევზების ზედაპირის ტემპერატურა ტიპურად დამახასიათებელია 30-50 მილიონი წლის ვარსკვლავებისთვის“, — განმარტავს ერთ-ერთი მკვლევარი ჯოელ კასტნერი.

მაგრამ ამ ასაკში, პლანეტათწარმომქმნელ ნარჩენთა დისკო როგორც წესი, ვარსკვლავთა გარშემო უკვე გამქრალია. შესაბამისად, RZ თევზების მერყევი ჩაბნელებები გამოწვეული უნდა იყოს რაღაც სხვა მიზეზით. ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს უნდა იყოს დაშლილი ან დაზიანებული პლანეტები.

ვარსკვლავის ინფრაწითელი მონაცემებიდან უკვე ვიცით, რომ მას გარს აკრავს უზარმაზარი ოდენობის გაზი და მტვერი, შესაბამისად, რაც არ უნდა მომხდარიყო, საქმე ეხება იქ არსებულ მასიური ციურ სხეულებს.

მეცნიერთა შეფასებით, ეს ღრუბლები ვარსკვლავისგან დაშორებულია 50 მილიონი კილომეტრით, თუმცა როგორც სხვა დაკვირვებები აჩვენებს, მატერიის გარკვეული ნაწილი RZ თევზებში ჩაედინება ან უკან გამოედინება.

უცნობია, როგორ დაიმსხვრა ახლომდებარე პლანეტა ან პლანეტები, მაგრამ მკვლევართა ვარაუდით, ვარსკვლავის გრავიტაციამ მატერია გამოაცალა თავის ქვევარსკვლავურ კომპანიონს ანდაც შესაძლოა, იქვე ახლომახლოს, ორი მასიური, გაზით მდიდარი პლანეტა შეეჯახა ერთმანეთს.

როგორც ხშირად ხდება, გვესაჭიროება ძალიან ბევრი მონაცემის შეგროვება, სანამ დაზუსტებით გვეცოდინება თუ რა ხდება იქ, ჩვენგან შორს; მაგრამ როგორც ჩანს, RZ თევზებს ჩაბნელების საიდუმლო ასტრონომიამ საბოლოოდ ამოხსნა.

„ის ფაქტი, რომ RZ თევზები მასპინძლობს ამდენ გაზსა და მტვერს დაბადებიდან ათობით მილიონი წლის შემდეგ, ნიშნავს იმას, რომ მან პლანეტები კი არ წარმოქმნა, არამედ პირიქით, დაანგრია“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ბენ ზაკერმანი.

დაკვირვებათა საფუძველზე, ასტრონომებმა შესაძლო მოვლენების ამსახველი ვიდეოც შექმნეს:

კვლევა The Astronomical Journal-შიამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით