NASA ამ დროისთვის უდიდესი კომეტის აღმოჩენას ადასტურებს და ის მართლაც გიგანტურია — #1tvმეცნიერება
NASA ამ დროისთვის უდიდესი კომეტის აღმოჩენას ადასტურებს და ის მართლაც გიგანტურია — #1tvმეცნიერება

ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი კომეტა უკვე მილიონ წელიწადზე მეტია, რაც მზის მიმართულებით მიდის და მისი გიგანტური მასშტაბი სინათლეს ჰფენს იდუმალ ობიექტებს, რომლებიც მზის სისტემაში უდიდეს სტრუქტურებს წარმოქმნიან.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით დაადასტურეს, რომ გიგანტური კომეტა C/2014 UN271-ის (ბერნარდინელი-ბერნშტაინი) მყარი ცენტრი წარმოადგენს უდიდეს კომეტურ ბირთვს, რაც კი აქამდე დაგვიფიქსირებია. ის 50-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთვის ცნობილ კომეტათა უმეტესობა და თითქმის 140-ჯერ უფრო განიერი.

თუმცა, ასეთმა უზარმაზარმა ზომამ ან უფრო მისმა აშკარა უცნაურობამ, შეიძლება უფრო ბევრი რამ გვითხრას ჩვენს შეზღუდულ აღქმაზე კომეტათა შესახებ.

C/2014 UN271 ოორტის ღრუბლიდან მოდის — მზის გარშემო, მზის სისტემის ყველაზე შორეულ მისადგომებში არსებული გიგანტური სფერული გარსისგან, რომელიც ყინულოვანი ობიექტებით არის სავსე. მეცნიერთა აზრით, ეს ზონა შემდეგი უახლოესი ვარსკვლავური სისტემა, ალფა კენტავრამდე მანძილის სულ მცირე მეოთხედამდე ვრცელდება.

კომეტა

მართლაც ძალიან დიდია, არა? მაგრამ ოორტის ღრუბელი იმდენად შორსაა და ისე რთულად დასაფიქსირებელია, რომ არსებითად, ის გიგანტური ჰიპოთეტური საიდუმლოა. მიუხედავად ამისა, ასტრონომები მას მზის სისტემაში ერთ-ერთ უდიდეს სტრუქტურად მიიჩნევენ.

ათასში ერთხელ, ამ შორეული წყვდიადის უზარმაზარი მასიდან რაღაც გამოდის და გრავიტაციის ძალით მზისკენ მოემართება.

C/2014 UN271 ერთ-ერთი ასეთო ობიექტია და როგორც ჩანს, ის ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება იმ გაყინული პირველყოფილი მასის შესახებ, რომელიც ოორტის ღრუბელში იყრის თავს. მიჩნეულია, რომ ის მზის სისტემის გარიჟრაჟზე, მის შიდა ნაწილში წარმოიქმნა, შემდეგ კი იუპიტერის და სატურნის მსგავს გიგანტურ პლანეტათა გრავიტაციული ეფექტების გამო გარეთ განიზიდა.

„ეს კომეტა მხოლოდ აისბერგის წვერია; მრავალი ათასი სხვა კომეტა ზედმეტად მკრთალი უნდა იყოს და მზის სისტემის უფრო შორეულ ნაწილებში მოქცეული. ყოველთვის ვეჭვობდით, რომ ეს კომეტა დიდი იქნებოდა, რადგან ასე შორ მანძილზეც კი ის ასე კაშკაშაა. ამის დადასტურება ახლა უკვე შევძელით“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი დევიდ ჯევიტი.

ახალ ანალიზებში, ჯევიტმა და მისმა კოლეგებმა მაკაუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან, C/2014 UN271-ის ზომა ამ დროისათვის უზუსტესი რეზოლუციით გამოთვალეს. ეს მათ ჰაბლის მიერ წარმოებულ წინა დაკვირვებებსა და კომეტის კომადან ბირთვის გამოყოფის მოდელირებაზე დაფუძნებულ შეფასებათა გზით მოახდინეს. კომა არის კომეტის კვალდაკვალ მიყოლილი, აირებად სუბლიმირებული ყინულის გრძელი კუდი.

„ვადასტურებთ, რომ C/2014 UN271 ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი გრძელპერიოდიანი კომეტაა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

C/2014 UN271-ის აღმოჩენის შესახებ შარშან გვამცნეს, მას შემდეგ, რაც ის ბნელი ენერგიის პროგრამის (Dark Energy Survey) მიერ 2014-2018 წლებში შეგროვებულ მონაცემებში შენიშნეს. შემდეგმა ანალიზებმა ცხადყო, რომ სინამდვილეში, C/2014 UN271 ჯერ კიდევ 2010 წელს ფიქსირდებოდა.

კომეტა მზის გარშემო დაახლოებით 3 მილიონ წლიან ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და როგორც მისი ფორმა მიუთითებს, უკვე მილიონ წელიწადზე მეტია, რაც ის მზეს ნელ-ნელა უახლოვდება.

2031 წელს ის მზეს ორბიტის ყველაზე ახლო წერტილში მიუახლოვდება, რასაც პერიჰელიონს უწოდებენ. ამ წერტილში ბერნარდინელი-ბერნშტაინი მზისგან მაინც 1,6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იქნება, საიდანაც კვლავ უკან წავა და მზისგან დაშორებას დაიწყებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკეთესი დაკვირვებებისთვის თითქმის ათი წელიწადი გვაქვს, რათა უფრო ბევრი შევიტყოთ ამ კომეტის შესახებ, ვიდრე ის კოსმოსურ წყვდიადში კვლავ გაუჩინარდება.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.