ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შედის, რომლის გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
„კითხვები არის, სამართალდამცავი ორგანო მზად არის თუ არა შესაბამისი ტესტებით და შესაბამისი პროცედურით. ამიტომ, განისაზღვრა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნული ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. მანამდე ყველაფერი მომზადდება იმისთვის, რომ შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და ამავე დროს, მოქალაქეთა ინფორმირება განხორციელდეს“, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მსგავსად, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში აიკრძალება. პროექტი არასრულწლოვნებისა და 21 წლამდე ახალგაზრდების მიმართ მკაცრ მიდგომებს განსაზღვრავს, რათა მარიხუანაზე წვდომა მაქსიმალურად შეიზღუდოს.