ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების  შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების  შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ღამის კლუბებში განხორციელებული რეიდების დროს ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულების ადვოკატები გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები გუშინ მოინახულეს. დაკავებულთა უმრავლესობა ამ ეტაპზე კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

გუშინვე ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.

რაც შეეხება გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს, ადვოკატების განცხადებით,  უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს, არიან თუ არა ამ ვიდეომასალაში მათი დაცვის ქვეშ მყოფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 მაისს, გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

შსს-ში 12 მაისს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.