„ბასიანში“ გამართულ რეივ-აქციაზე საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს
„ბასიანში“ გამართულ რეივ-აქციაზე საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს

კლუბ „ბასიანში“ გამართულ რეივ-აქციაზე საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადების ტექსტი წაიკითხეს და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს.

საკლუბო სცენის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია:

1. არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიისა შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ზრუნვასა და პრევენციულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული;

2. შეწყდეს მიმდინარე უსამართლო ადმინისტრაციული დევნა შავი პარასკევის ღამეს დაკავებულთა მიმართ;

3. დასრულდეს პოლიციის მხრიდან ჩაგვრა, ჩვენ მზრუნველ სახელმწიფოში გვინდა თანაცხოვრება;

4. შესაბამისი ორგანოების მხრიდან დაიწყოს კლუბების გარეთ მომხდარ ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე დროული რეაგირება და გამოძიება;

5. შეწყდეს საკლუბო სცენის დემონიზება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სხვადასხვა ინსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და მხარი დაუჭიროს ჩვენს სფეროს.

მათივე თქმით, კლუბების კარის გაღება არ ნიშნავს მათ გახსნას.

გესალმებით თბილისიდან, ქალაქიდან, სადაც ორი კვირის წინ კლუბებში მშვიდობიან მოცეკვავეებს საცეკვაო მოედნები წაართვეს, ქალაქიდან, სადაც უთანასწორო გარემოსთან საბრძოლველად ყველა ერთად დავდექით, ქალაქიდან, სადაც ცვლილებები გარდაუვალია, გესალმებით ჩვენი საცეკვაო მოედნიდან!

12 მაისის „შავი პარასკევის“ მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა, თუმცა, ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვინც მზადაა, ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ.

თბილისის საკლუბო სცენამ, რომელმაც ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის“, – აღნიშნულია საკლუბო სცენის წარმომადგენელთა განცხადებაში.

მათივე განცხადებით, 27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი და ქვიარ მოძრაობა მასობრივ რეივ-აქციას მართავს.

„ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. არ გვაქვს ილუზია, რომ ცვლილებები ერთი ან ორი აქციით მიიღწევა, ეს მუდმივი ბრძოლაა, რომელიც რუტინულ შრომას და რაციონალურ მოქმედებებს მოითხოვს.

დღევანდელი აქცია საკლუბო სცენისა და საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაციაა, სადაც მცირე გამარჯვებას აღვნიშნავთ, თუმცა არ გვავიწყდება მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოვჩნდით, არ გვავიწყდება ტკივილი რომელიც ყველა ჩვენგანს მოგვაყენეს.

ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ გამარჯვება საზოგადოებრივი მიზნებისა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი ძალებით მიიღწევა. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სისტემური პრობლემები გადავჭრათ, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ და თანასწორ გარემოში.

მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედია გამოცემებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს, სხვადასხვა ქალაქებში სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებს.

და ბოლოს მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოცეკვავეებს, რომლებსაც შავი პარასკევის ღამეს კლუბებში თუ კლუბებს გარეთ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანი მიადგათ.

12 მაისის ღამეს ბრძოლა გამოუცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე. თუმცა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არამხოლოდ კონკრეტული სივრცეების, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების – თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვარის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი!

დღეს ცეკვა ნამდვილად პოლიტიკური აქტია.

ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ!

ძალა ერთობაშია!“, – ნათქვამია საკლუბო სცენის წარმომადგენელთა განცხადებაში.

შეგახსენებთ, კლუბ „ბასიანში“ რეივ-აქცია გაიმართა. საკლუბო სცენისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მანიფესტაცია, ევროპის მოედნის ნაცვლად, კლუბში მოაწყვეს. აქცია გლობალური მუსიკალური პლატფორმა – „ბოილერ რუმის“ საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცა. ქართველი და უცხოელი არტისტები რეივ-აქციაზე ექვსი საათის განმავლობაში უკრავდნენ.