კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია გამოკითხვაზე შევიდა
კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია გამოკითხვაზე შევიდა

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია დიღმის სამმართველოში გამოკითხვაზე შევიდა. როგორც გეთია აცხადებს, სამართალდამცველები მას ერთი საათის წინ დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად რა კითხვებს დაუსვამენ, მისთვის უცნობია.

„მასკარადი გრძელდება, შოუ გრძელდება. მე ვერ დაგისახელებთ, ზუსტად რატომ დამიბარეს აქ. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ფაქტია. მხოლოდ შემიძლია ვიმარჩიელო. არ ვიცი, შეიძლება ეს ქალბატონი მეზვრიშვილის განცხადებებს უკავშირდება. კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს და კიდევ რაც შეიძლება ვიფიქრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინძური მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს, რომ მათ სტრესში ჰყავდეთ ხალხი. იგივე ჩემი თანაგუნდელები იყვნენ გაურკვევლობაში“, – აღნიშნა გეთიამ.

მისი თქმით, კლუბი „ბასიანი“ კვლავ დალუქულია.

„კვლავ გრძელდება ომი საკუთარ მოქალაქეებთან, განვითარებასთან, ახალგაზრდა თაობასთან. ეს არის აბსურდის თეატრი, რომელიც არ სრულდება. სპეცოპერაციის დროს მათ კლუბის სტუმრებს უთხრეს, რომ დაეყარათ, თუ რამე ჰქონდათ და ისინი პასუხისმგებლობისგან აცილებული იქნებოდნენ. ეს არის ზუსტად ის ადგილები, სადაც სხვადასხვა ნივთიერებები იყო დაყრილი. ეს არის ბინძური კამპანია, ვინაიდან მნიშვნელობა აქვს, ინფორმაციას როგორ აწვდი ხალხს. აი, 34 ადგილიდან ამოვიღეთ ნივთიერებები, – ეს არის ბინძური კამპანია“, – აღნიშნა გეთიამ.