ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის წარმომადგენლები, მომხმარებელთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტთა საინიციატივო ჯგუფი და ქსელი „ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა მოგვარდეს ჩანაცვლებითი თერაპიის პრობლემა და გაფართოვდეს სუბოქსინის სახელმწიფო უფასო პროგრამა. მათ შესაბამისი მოთხოვნით პეტიცია პრემიერის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანეს.
„დღეს პაციენტები, მომხმარებლები, მათი ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები ვაპროტესტებთ რეპრესიულ ნულოვან ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში გარკვეული ნათელი წერტილები გამოჩნდა, თუნდაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, თუმცა ჯანდაცვაზე აქცენტი კომპლექსური მიდგომების სახით ჯერ არ მიმდინარეობს. ჩანაცვლების თერაპიის პაციენტთა ჯგუფი, ნარკოტიკების მომხმარებლები და პაციენტები შესაბამისად ვაპროტესტებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომელიც არის, ანუ უნდა გაფართოვდეს უფასო სუბოქსონის პროგრამა. ძალიან მცირეა შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამებში მოხვდე. შესაბამისად, აუცილებელია, გაიზარდოს ეს პროგრამები. დღეს საქართველოში სუბოქსონის კომერციული პროგრამები დანიშნულებას ვერ ასრულებს, რითაც ზიანი ადგება ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ლაბარტყავამ.