ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა - ძალოვანი სტრუქტურების ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, რეფორმა მნიშვნელობას დაკარგავს
„ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვა გადამწყვეტ ფაზაში შედის. კანონპროექტის ავტორები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სამუშაო შეხვედრების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. ამჟამად ყველაზე კრიტიკულ შეუთანხმებელ საკითხად რჩება საქართველოში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების დადგენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადებით, მცირე ოდენობების ადეკვატურ და სამართლიან განსაზღვრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელებისათვის. საუბარია ოდენობებზე, რომლის ფლობის შემთხვევაში, პირს არ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ მას არ უდასტურდება ნარკოტიკის გასაღება.
„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მცირე ოდენობად განსაზღვრულია ნარკოტიკების მომხმარებლის ერთი დღის სამყოფი ოდენობა. საქართველოსთვის ადეკვატური დღიური ოდენობები ყოველი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებისთვის დადგინდა ექსპერტების, წამყვანი ნარკოლოგების, მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ერთობლივი მსჯელობის შედეგად. ჩვენთვის არ არის ცნობილი არც ერთი სხვა ქვეყანა, სადაც სისხლის სამართლის დევნის დაწყების ზღვრული ოდენობები უფრო დაბალია, ვიდრე კანონპროექტის ავტორთა მიერ შემოთავაზებული ოდენობები. მეორეს მხრივ, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ ნივთიერებების მცირე ოდენობად განისაზღვროს ნივთიერების უმცირესი ოდენობა (უმეტეს შემთხვევაში 5 მილიგრამი). აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციის დამაჯერებელი დასაბუთება კანონპროექტის ავტორებს ოპონენტებისაგან არ მოუსმენიათ“, – აღნიშნულია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.
პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ძალოვანი უწყებების მიერ შეთავაზებული ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, ნარკოდამოკიდებული პირები კვლავ კრიმინალიზაციის სუბიექტები იქნებიან.
„ვთვლით, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ შემოთავაზებული მცირე ოდენობების დამტკიცების შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაკარგავს თავის მნიშვნელობას და შინაარსს. ვერ იქნება მიღწეული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები ციხის ნაცვლად მიმართულ იქნან სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. ძალოვანი სტრუქტურების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება მხოლოდ იმ პირებს, ვინც ფლობს გამოყენებულ შპრიცს. დანარჩენ შემთხვევაში კი ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი კვლავ იქნება კრიმინალიზაციის სუბიექტი. შენარჩუნდება დღეს არსებული არაჰუმანური და რეპრესიული მიდგომა – „ვიჭერთ და ვუშვებთ ციხეში ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს ნარკოტიკთან, და მათგან ვიღაცა მაინც აღმოჩნდება ნარკორეალიზატორი“, – ნათქვამია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.