ნანა ქაშაკაშვილი - საქართველო აგრძელებს ფერმერების დარეგისტრირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში შექმნილ საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე
ნანა ქაშაკაშვილი - საქართველო აგრძელებს ფერმერების დარეგისტრირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში შექმნილ საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე

„კოვიდ 19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ფერმერების დარეგისტრირებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში შექმნილ „საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე“, – ამის შესახებ ENPARD -ის პროექტის მენეჯერმა ნანა ქაშაკაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში „კოვიდ19“-ის პანდემიის ფონზე დონორების მიერ რეგიონებში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს.

დისკუსიის დროს ქაშაკაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიამ გარკვეული გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებსაც შეუქმნა, რომელიც ზოგადად სოფლისა და აგრარული ინდუსტრიის განვითარებას უჭერს მხარს.

მისი განმარტებით, ნაწილობრივ შეფერხდა ფერმერების რეგისტრაცია სამი ქვეყნის ერთიან სავაჭრო ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც საპილოტე პროექტია და საქართველოს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში პროექტის სამივე მონაწილე ქვეყანაში თითოეულიდან 50 მცირე თუ მსხვილი ფერმერი უნდა დარეგისტრირდეს (ჯამში 150 ფერმერი დარეგისტრირდება), რომლებიც ონლაინ სავაჭრო პლატფორმას მომავალში საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების გაყიდვისთვის გამოიყენებენ.

თუმცა, ქაშაკაშვილის თქმით, პანდემიის გამო რეგისტრაცია შეფერხდა რუმინეთსა და ბულგარეთში, სადაც მდგომარეობა ძალიან გართულდა. ამიტომ საქართველომ, რომელიც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდა პანდემიას, პროექტში ლიდერობის ტვირთი თავის თავის თავზე აიღო და ფერმერების რეგისტრაცია არ შეაჩერა.

„ამ პროექტის მთავარი მიზანი სამ ქვეყანას შორის სავაჭრო შესაძლებლობების ხელშეწყობაა ექსპორტ-იმპორტის მიწოდების თვალსაზრისით. ეს არის საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი. მოგეხსენებათ, როგორი რთული ვითარებაა ახლა ბულგარეთსა და რუმინეთში. ამ კონტექსტში და ზოგადად, საქართველოს ძალიან კარგი პოზიციონირება გვაქვს კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით. შესაბამისად, რადგან ჩვენი პარტნიორები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, პროექტის განხორციელების მთელი სიმძიმე საქართველომ იტვირთა და ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერების ონლაინ რეგისტრაციას agrodeals.net პლატფორმაზე. მომავალში ამ საერთაშორისო პლატფორმამ სამ ქვეყანას შორის სავაჭრო შესაძლებლობების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი“, – განუცხადა ნანა ქაშაკაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.