ნანა ქაშაკაშვილი - „ენპარდის“ პროექტის ფარგლებში, ახალქალაქში სახელმწიფო ენის დისტანციური სწავლების კურსები ტარდება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ახალქალაქში სახელმწიფო ენის დისტანციური სწავლების კურსები ტარდება, – ამის შესახებ „ენპარდის“ (ENPARD) პროექტის მენეჯერმა, ნანა ქაშაკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე დონორების მიერ რეგიონებში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს.
ქაშაკაშვილის განმარტებით, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლისა განვითარებას უჭერს მხარს, საქართველოს რეგიონებში 12 პროექტი ხორციელდება, რომელთა მართვაც მიმდინარე პანდემიის გამო, ონლაინრეჟიმში გადავიდა. აღნიშნული პროექტები ყველა რეგიონში ძირითადად მსგავს გამოწვევებს აწყდება. თუმცა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ახალქალაქში მიმდინარე პროექტს ენობრივი ბარიერი და სოციალური ინტეგრირება დამატებით სირთულეს უქმნის. ამიტომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ახალქალაქში სახელმწიფო ენის სწავლების კურსი წამოიწყო, რომელიც პანდემიის გამო სულ ახლახანს დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ახალქალაქის განვითარების პროგრამაზე, რომელიც არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი. ეს პროექტი სოფლის განვითარებას ითვალისწინებს, რაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარება არ გახლავთ. აქ შედის სხვადასხვა მიმართულება ტურიზმი, გარემოს დაცვა, სოციალური მიმართულება, ქალებისა და ახალგაზრდების მაქისმალური ჩართულობა. ანალოგიურ პროექტი 12 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მსგავსი გამოწვევებია სოფლის განვითარების კუთხით, მაგრამ ახალქალაქში არის კიდევ ენობრივი ბარიერი და სოციალური ინტეგრაცია. ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა გადაჭრა, ეს გახლავთ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება ახალქალაქში, რომელიც სახელმწიფო ენის შესწავლას და ახალგაზრდებისა და ქალების მაქსიმალურ ჩართულობას ემსახურება. როდესაც კოვიდის პრობლემა დადგა, პროექტით გამიზნული საქმიანობა შეგვეზღუდა და ჩვენ ონლაინრეჟიმში გადავერთეთ. ტრენინგ ცენტრმა დედაენის დღეს ქართული ენის გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში აღადგინა, რომელიც ადგილობრივებს სთავაზობს სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს დისტანციურად. ეს ძალიან წარმატებით ხორციელდება. 30-მდე სტუდენტი გვყავს და ეს არის ძალიან დიდი სიახლე ახალქალაქის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ქაშაკაშვილმა.
მისი მოსაზრებით, მიმდინარე პანდემიამ ეთნიკურ უმცირესობას სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა დაანახა.
„ამ კოვიდის პანდემიის გამოწვევების ერთი დადებითი მხარე ახალქალაქის მოსახლეობისთვის ალბათ ის იყო, თუ შეიძლება ამაში რამე დადებითი დავინახოთ, რომ მათ სოციალური ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა დაინახეს, რაც მათ ინფორმაციის მარტივად მიღებასა და ზოგადად ინტეგრირების პროცესში დაეხმარება“, – განუცხადა ნანა ქაშაკაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.