ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს სავარაუდოდ, აღარ დატოვებს - დავფიქრდეთ ამაზე, დღეს დიდი ბრძოლებია ანტიქრისტეების წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლაში ვარ
ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს სავარაუდოდ, აღარ დატოვებს - დავფიქრდეთ ამაზე, დღეს დიდი ბრძოლებია ანტიქრისტეების წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლაში ვარ

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა, რომელიც საკრებულოდან წასვლაზე განცხადების დაწერას დღეს აპირებდა, სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მან სატელეფონო კომენტარში განუცხადა.

როგორც კოსტავა აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ამომრჩეველთა თხოვნის საფუძველზე მიიღო.

„არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ასე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ მე მიკვირს, ვიღაც ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე.

მეორე საკითხი –  ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ“, – აღნიშნა კოსტავამ.

ამასთან, ნანა კოსტავას მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა საქართველოს პირველი არხი, სადაც მან პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა.

„დავფიქრდეთ ამაზე, დღეს დიდი ბრძოლებია ანტიქრისტეების წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლაში ვარ. თქვენი სენსაციებისთვის არ მცალია. არ მაქვს ფული და არც გავლენები. ერთი მაქვს და მყავს, სამშობლო და ღმერთი, კარგად იყავით“, – უპასუხა საქართველოს პირველ არხს ნანა კოსტავამ.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

ამასთან,  ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა.