ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა წევრმა და პარტიის აქტივის ნაწილმა პარტია დატოვეს
ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა წევრმა და პარტიის აქტივის ნაწილმა პარტია დატოვეს

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა წევრმა და პარტიის აქტივის ნაწილმა პარტია დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობაა და პარტიის ახალი მენეჯმენტი, სააკაშვილის გათავისუფლების ნაცვლად, ბიზნესების განაწილებითაა დაკავებული.

მათივე თქმით, საკრებულოში მანდატებს არ ტოვებენ.

„მიმდინარე წლის დასაწყისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მივიღეთ სამწუხარო რეალობა, იმთავითვე შეუსრულებლობისთვის განწირული დაპირებით, ანუ სიცრუით სათავეში მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც პარტიას ჩამოაცილა გამოცდილი, ერთგული კადრები, მოახდინა მათი სრული იგნორირება. იმის პარალელურად, რომ პარტიის მართვის ბერკეტებთან წამოატივტივა პარტიიდან პარტიაში პირადი გამორჩევის მიზნით მომთაბარე პოლიტიკოსები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უკიდურესი ლანძღვით გამორჩეული პოლიტიკოსები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გვინდა, განვაცხადოთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. სამშობლო და სახელმწიფო ყოველთვის გაცილებით მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია.  პრორუსულ, არაფორმალურად მართულ, არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან ბრძოლა კვლავაც გაგრძელდება, ოღონდ სხვა პლატფორმიდან“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა დავით ბახტაძემ.

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 დეპუტატი ჰყავდა. ერთმა დეპუტატმა პარტია გასულ თვეს დატოვა. შვიდი დეპუტატი დღეს ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა, ხოლო ოთხი დეპუტატი საქმიანობას ლევან ხაბეიშვილის გუნდში გააგრძელებს.