ნანა კაკაბაძე - ვანო მერაბიშვილმა გათავისუფლებულმაც კი ერთი წუთი ვერ შეიკავა თავი, არ გამოემჟღავნებინა თავისი კრიმინალური აზროვნება და მენტალიტეტი
ნანა კაკაბაძე - ვანო მერაბიშვილმა გათავისუფლებულმაც კი ერთი წუთი ვერ შეიკავა თავი, არ გამოემჟღავნებინა თავისი კრიმინალური აზროვნება და მენტალიტეტი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მტკიცებულებებით დადასტურებული დანაშაულისთვის მოიხადა და ის პოლიტპატიმარი არ არის.

მისი თქმით, დანაშაულის ჩამდენი არ შეიძლება, პოლიტპატიმარი იყოს.

„მსოფლიოში ვისაც კი საქართველოს შესახებ ამ ცხრა წლიანი რეჟიმის ისტორიაზე აქვს ინფორმაცია, ვინ არ იცის, რომ ვანო მერაბიშვილმა თავის უწყებაში, ანუ შსს-ში ჩემოდნებით დატოვა თვალთვალისა და მიყურადების მტკიცებულებები. სასაწყობო მეურნეობად გადააქცია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც უკანონოდ ამოღებული, თვალთვალისა და მიყურადების 2500 მეტი ფაილი ინახებოდა. ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, არ შეიძლება, პოლიტპატიმარი იყოს“, – განაცხადა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძის თქმით, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლისთანავე მძიმე განცხადებები გააკეთა და ხელისუფლება უნდა ეცადოს, საზოგადოებას მისი წარსულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

„გათავისუფლებულმა ადამიანმაც კი ერთი წუთი ვერ შეიკავა თავი, არ გამოემჟღავნებინა თავისი კრიმინალური აზროვნება, თავისი მენტალიტეტი, ძალადობა. მხოლოდ რუპორი და გამხმოვანებელია ვანო მერაბიშვილი ძალისა, რომელსაც ის წარმოადგენდა თავის დროზე და თქვა, რომ მე დავამხობ წლის ბოლომდეო. რა შეუქმნია ამ არარაობას, ვინ არის მაგის დასამხობი. მე ვფიქრობ, ამას სჭირდება სერიოზული დაპირისპირება, არა ფიზიკური, არამედ პიარის საშუალებით, საჭიროა აიხსნას საზოგადოებითვის, რისი დამანგრეველი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.