ირაკლი ჩიქოვანი - პარტია, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფინანსები, მერაბიშვილის იდეოლოგია და მართავს ხაბეიშვილი, გვთავაზობს, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია მოხდეს
ირაკლი ჩიქოვანი - პარტია, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფინანსები, მერაბიშვილის იდეოლოგია და მართავს ხაბეიშვილი, გვთავაზობს, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია მოხდეს

პარტია, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფინანსები, აქვს მერაბიშვილის იდეოლოგია და მართავს ხაბეიშვილი, პირდაპირ გვეუბნება და გვთავაზობს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით ცდილობს საქართველოს ევროპული მომავლის დაკნინებას, საპარლამენტო უმრავლესობა კი გააგრძელებს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას.

„უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ შესრულებულიყო აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია. დარჩენილია ორი, მათაც შევასრულებთ. თქვენ ევროკავშირის საკითხს იყენებთ, როგორც იარაღს. იარაღს, პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი არა, არამედ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის მართლაც მოღალატეობრივი ქმედებები მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა გინდათ, დააკნინოთ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესი წინ დააყენოთ. თქვით, რომ ამ ქვეყანაში თქვენ გინდათ რევოლუცია, ქვეყნის უკრაინიზაცია მხოლოდ იმიტომ, რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში, რადგან არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოდიხართ. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პერსპექტივა თქვენთან ერთად არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.