ნანა დევდარიანი არ გამორიცხავს, „პატრიოტთა ალიანსის“ დამფინანსებლებმა ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლონ და პარლამენტში შევიდნენ
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეექვსე ნომერი ნანა დევდარიანი პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც პარლამენტი ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ადგილმონაცვლეობის მიუხედავად მანდატზე უარის თქმის შესახებ შესაბამის განცხადებას დაწერს.
დევდარიანის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ გუნდს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ისინი პარლამენტში არ შედიან. ამასთან, დევდარიანი არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან პარტიის დამფინანსებლები და ამავდროულად არიან „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში.
„ვიდრე არ შეუწყდებათ უფლებამოსილება, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან 20 მანდატია. ავთანდილ ენუქიძე შევიდა. გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ პოლიტიკური გუნდი შესვლას არ აპირებს, თავისთავად ცხადია, მეც არ ვაპირებ და ახლა, ვინც იყვნენ პარტიის დამფინანსებლები, მათ ჩვენ პრობლემას ვერ შევუქმნით და არ შევუქმნით, ეს მათი გადასაწყვეტია. პირადად მე, ამას არ ვაპირებ.
სია ჩახსნილია, უბრალოდ ჩემს ნომერს არ ეხება ეს ჩახსნა. სიაში არიან პარტიის დამფინანსებლები, რომლებიც სავარაუდოდ შევლენ, პოლიტიკური გუნდი შესვლას არ აპირებს. რამდენიმე ადამიანია სიაში, ავთანდილ ენუქიძის გარდა, ვინც „პატრიოტთა ალიანსს“ ფინანსურად შემოწირულობას უკეთებდა. სხვათა შორის, იმ რვა მილიონზე რომ იყო ლაპარაკი, თუნდაც აქედან ჩანს ძალიან კარგად, რომ არავითარი დაფინანსება და მით უმეტეს ქვეყნის გარედან, არ ყოფილა. დამფინანსებლებს პარტია ვერ წაუყენებს ულტიმატუმს, რომ ისინი არ შევიდნენ პარლამენტში და ამას არც გავაკეთებთ“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.
მისივე თქმით, დამფინანსებლებს შორის ერთ-ერთი ფრიდონ ინჯიაა.
საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე სავარაუდოდ 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მიმართეს.