პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე სავარაუდოდ 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს
პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე სავარაუდოდ 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე სავარაუდოდ 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მათ მიმართვას 4 იანვარს განიხილავს და საკითხს ბიუროს სხდომას გადასცემს.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მიმართეს.

მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადა მათმა წარმომადგენელმა ავთო ენუქიძემ. პროცედურის მიხედვით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართეს: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ზურაბ ჯაფარიძემ. ამასთან, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებს“ და „გირჩის“ სამ წევრს.