გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ სიის რამდენ წევრს არ მიუმართავს ჯერ ცესკო-სთვის სიიდან ჩახსნის თაობაზე
გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ სიის რამდენ წევრს არ მიუმართავს ჯერ ცესკო-სთვის სიიდან ჩახსნის თაობაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრების უმრავლესობამ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ არ სურს ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ განუცხადა.

თევდორაძე ერთ-ერთია პარტიის იმ სამ წევრს შორის, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც პარლამენტი სავარაუდოდ 4 იანვარს იმსჯელებს.

თევდორაძის თქმით, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, პარტიის რამდენი წევრი დარჩა, ვისაც არ მიუმართავს ცესკო-სთვის სიიდან ჩახსნის თაობაზე.

„მივმართეთ განცხადებით მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით, ამიტომ, თავისთავად ცხადია და ლოგიკურია, რომ ეს განცხადებები განხილული უნდა იყოს და დაკმაყოფილდეს შესაბამისად.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჩვენი სიის წევრების უმრავლესობამ მიმართა უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ არ სურს ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს. ზუსტად ახლა, ახალი წლის დღეების გამო, არ ვიცი, რამდენმა მიმართა და რამდენი დარჩა კიდევ, ვინც შემდეგში უნდა მიმართოს. ძირითადად, პარტიის გადაწყვეტილება ჩვენ ვიცით, პარტიის პოზიციაა, რომ არ ვღებულობთ ამ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ცალკეულ დეპუტატებს თუ სხვა მოსაზრება ექნებათ, ალბათ თავად გამოხატავენ. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყველა აპირებს, მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ მანდატებზე თქვან უარი.

ჩვენთან პარტიის სიის წევრებს, 132-ვეს ჰქონდა გამოხატული პოზიცია და ცესკო-ს სახელზე დაწერილი განცხადება, რომ არ სურს გაყალბებული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისად ამ განცხადებებით პარტიის სიის წევრებმა დაიწყეს მიმართვა ცესკო-სთვის. მე ვიცი, რომ ძალზედ ბევრს ჰქონდა ასეთი მიმართვა გაკეთებული, მაგრამ ახლა ამ დღეებში სრული ინფორმაცია არ მაქვს, ეს 132-ვეა თუ რამდენიმე წევრი არის ისეთი, რომელსაც ჯერ არ მიუმართავს“, – განაცხადა თევდორაძემ.

რაც შეეხება თანაპარტიელის, ნანა დევდარიანის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დამფინანსებლებმა, რომლებიც ამავდროულად პარტიის წევრები არიან, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტონ, გოჩა თევდორაძემ აღნიშნა, რომ „არჩევანში ყველა თავისუფალია“.

„თავისთავად ცხადია, მას მხედველობაში ჰყავდა ალბათ, ავთანდილ ენუქიძე, რომელმაც გამოაცხადა თავისი პოზიცია, რომ რადგან მიღებული ჰქონდა პარლამენტის წევრის მანდატი, არ აპირებდა დათმობას. ის დამოუკიდებელია და ჩვენგან თავისთავად ცხადია, არავითარი მოთხოვნები არ ყოფილა. ყველა თავისუფალია თავის არჩევანში“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის დამფინანსებელთა შორის ერთ-ერთი ფრიდონ ინჯიაა.

„მე არ მქონია ბატონ ინჯიასთან კომუნიკაცია ამ დღეებში. ეს ოფიციალურადაც ცნობილია, რომ ის არის ერთ-ერთი დამფინანსებელი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შევიდეს, არც იმას, რომ არ შევიდეს“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე სავარაუდოდ 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მიმართეს.