ნანა დევდარიანი - საკრალურია, რომ იყო ლაპარაკი ერთ ცხრა წელიწადზე, ამასობაში მეორე ცხრა წელი მიილია, მაგრამ რეალურად, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა
ნანა დევდარიანი - საკრალურია, რომ იყო ლაპარაკი ერთ ცხრა წელიწადზე, ამასობაში მეორე ცხრა წელი მიილია, მაგრამ რეალურად, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა

როგორც თბილისში, ისე რაიონებში, ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, მაგრამ ძალიან ხშირად, ეს არ აქვთ გაცნობიერებული, – ამის შესახებ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმომადგენელმა, ნანა დევდარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

„არის უიმედობა და ნიჰილიზმი. რაღაც, საკრალურია, რომ იყო გაუთავებელი ლაპარაკი ერთ ცხრა წელიწადზე, ამასობაში კი, მეორე ცხრა წელიწადი მიილია, მაგრამ რეალურად, ადამიანებს უკეთესობისკენ არაფერი შეცვლიათ“, – განაცხადა დევდარიანმა. 

როგორც ნანა დევდარიანმა აღნიშნა, გადაცემის ფორმატით განსაზღვრული მისალმების ნაცვლად, მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც კარგად იაზრებს, რა წარსული გაიარა, ახლოც და შორეულიც, რომ მხარი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭირონ.

„მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც კარგად იაზრებს, რა წარსული გაიარა, ახლოც და შორეულიც – მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელსაც არასოდეს მოუტყუებია, ცრუ დაპირებები არ მიუცია და, რომელსაც აქვს ადამიანების ამ სიდუხჭირიდან გამოყვანის კონკრეტული პროგრამები“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.