ნანა დევდარიანი - გარკვეულ მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, არ გამოვრიცხავ, მასშტაბური აქციებით გამოსვლა მოგვიწიოს
ნანა დევდარიანი - გარკვეულ მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, არ გამოვრიცხავ, მასშტაბური აქციებით გამოსვლა მოგვიწიოს

წლების განმავლობაში ინერგებოდა ორუელისეული მდგომარეობა, როცა ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ნანა დევდარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას, დევდარიანმა აღნიშნა, რომ „ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს“.

„ანუ, ყველა პატიმარს ეკუთვნის ეს, მაგრამ ამ პატიმარს ეკუთვნის სხვა რამე; ყველა დამნაშავეს ეკუთვნის სასჯელი, ნულოვანი ტოლერანტობა, არავითარი პირობითი მსჯავრი და ყველა ციხეში, მე კი ვიშიმშილებ და ან გავთავისუფლდები, ან მოვკვდები. პოლიტიკურ ენაზე ამას ცოტა სხვა რაღაც ჰქვია. როცა ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის დროს ირლანდიის თავისუფლებისთვის მებრძოლები შიმშილობისას დაიხოცნენ, ისინი იდეისთვის და თავიანთი დამოუკიდებლობისთვის შიმშილობდნენ, ამის უკან კი, ან გარეთ გამომიშვი, ან შიმშილობით მოვკვდები, არაფერი იდეა არ დგას. ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს, რომელსაც საუბედუროდ, „ქართული ოცნება“ არა ერთხელ დაექვემდებარა და სულ მაქვს მოლოდინი, რომ ახლაც დაექვემდებარება“, – განაცხადა დევდარიანმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რაც მეტს დაუთმობენ, მეტს მოითხოვენ და რაც მეტს დაუთმობენ იმას, რაც არ ეკუთვნით, საერთოდ ყველაფერს მოითხოვენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება ამის შედეგი, თუ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერს დაუთმობს და სად მივალთ ამ შედეგით როგორც საზოგადოება, ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ძირითადი თავდასხმები ირაკლი ღარიბაშვილზე მიდის, რომლის პოზიციაც ბევრად უფრო გამოკვეთილია და თუ ერთხელ მოახერხეს და ღარიბაშვილი გადააყენეს, ეს მეორედაც შეიძლება, მოხდეს.

„ქართული ოცნებისგან“ ესეც არ არის ძალიან მოულოდნელი სცენარი. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ პრობლემების მთელი ეს გორგალი, რაც მოხდა, ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის დამსახურებაა. უკვე აღარ შეიძლება იმის მოთმენა, რომ რეჟიმის მიერ განადგურებული ადამიანები არჩევნებამდე ორი თვით ადრე ახსენდებათ“, – განაცხადა დევდარიანმა.

როგორც დევდარიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, მაგრამ ეს დიდი ტყუილი იყო.

„ქართველ ხალხს კოაბიტაცია რომ სდომოდა, 2012 წელს იმ ფესვგადგმულ „ნაციონალურ“ რეჟიმს ვერ მოვიშორებდით. ხალხს კოაბიტაცია არ უნდოდა. დღეს, ის ადამიანები, ვინც ამაში გვარწმუნებდა, რომ კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, ისევ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, თავისი ორგანული მოკავშირისკენ გადაბარგდნენ. ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმს ებრძოდა და „ოცნებას“ გვერდით დაუდგა, მათ შორის, სიცოცხლის რისკის ფასად, „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა გარიყა და თავისი რიგებიდან მოიშორა. ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. სააკაშვილი კი არ არის აქ ჩამოსული სიცოცხლის რისკის ფასად?! მისი რეჟიმისგან განსხვავებით, მას აქ არაფერი არ ემუქრება, არავინ ქუჩაში არ მოკლავს და არავინ ციხეში არ მოკლავს“, – განაცხადა დევდარიანმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ სისტემურ დანაშაულზე პასუხი არავის უგია, დღეს, „იმედის“ დარბევის, განადგურებისა და მიტაცების „გამპრავებლები“თავისუფალი მედიის სახელით გველაპარაკებიან.

„ამას ჩვენი საზოგადოება იტანს და ეს ძალიან რთული ასატანია. ამაზე პოლიტიკური ელიტაა პასუხისმგებელი. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ უნდა დაეჭირა მხარი იმ რეზოლუციისთვის, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ შეიტანა, რომ დანაშაულებრივ სისტემას და პოლიტიკურ ძალას თავისი სახელი დარქმეოდა, რაც არ გაკეთდა“, – განაცხადა დევდარიანმა.

ნანა დევდარიანმა ასევე აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველი უკიდურესად შეურაცხყოფილია იმ შედეგებით, რაც პარტიას დაუწერეს. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა მეორე ტურის გამო, „რადგან ოპოზიციის სახით არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ეცდება, ყველაფერი დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს“. დევდარიანის თქმით, პარტია არჩევნებამდე დარჩენილ დღეებს დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

„გარკვეულ მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ არ გამოვრიცხავ, ჩვენ მასშტაბური აქციებით გამოსვლა მოგვიწიოს“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.