ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედის, ლეილა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დაცვის მხარემ დღესვე ლეილა ქსოვრელის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით იშუამდგომლა, რადგან ადვოკატის თქმით, საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც ქსოვრელის ბრალეულობას ადასტურებს.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბავშვის გარდაცვალება ბლაგვმა საგანმა გამოწვია, თუმცა ბესიკ ტალახაძე არ გამორიცხავს, რომ ბავშვი ძირს დაცემისგან გარდაცვლილიყო.

პროკურორი კი საწინააღმდეგოზე საუბრობს. ლევან ჟორჟოლაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია რომ ბავშვი გარდაცვლილია ბლაგვი საგნით და ასევე ბავშვს ქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ლეილა ქსოვრელი 22 იანვარს დააკავეს. ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 24 იანვარს შეეფარდა. ლეილა ქსოვრელი ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ამ ეტაპზე მის მიმართ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 30 იანვარს ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

ბრალდებულმა უარი თქვა, რონ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.