"ნაციონალური მოძრაობა" ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას დაუჭერს მხარს
“ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. როგორც პარტიაში განმარტავენ, ამგვარი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ნინო ლომჯარია სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეული კადრია, პარტიის წევრები კი ომბუდსმენის კადიდატურის შერჩევის სწორედ ამ პრინციპს უჭერდნენ მხარს.
,,ჩვენ ვრჩებით ერთგულები ამ პრინციპისადმი და მხარს ვუჭერთ იმ კანდიდატს, რომელიც არის შერჩეული მთლიანად სამოქალაქო სექტორის მიერ. ჩვენ გქვონდა შეხვედრა კანდიდატთან დახურულ ფორმატში, ფრაქციის ფორმატში, არაერთი მწვავე, აქტუალური და ჩვენთვის საინტერესო შეკითხვა დაისვა”, -განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმანიკა მელიამ პირველ არხთან საუბრისას.
როგორც მელია განმარტავს, “ნაციონალური მოძრაობა” ობმუდსმენის კანდიდატურის შერჩევის ამ პრინციპს მხარს უჭერს და სამომავლოდ გეგმავს, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართოს.
,,ჩვენ არა თუ ერთგულები ვრჩებით პრინციპისა, არამედ რამდენიმე დღეში კანონპროექტის ინიცირება მოხდება პარლამენტში. ვეცდებით მოვიპოვოთ მხარდაჭერა და კანონისმიერი გახდეს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლებში, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს მართვის სადავეებთან, ყოველთვის შეირჩეს ომბუდსმენი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან”, – აღნიშნა მელიამ.