ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი იქნება იმ ადამიანების ხმა, რომელთა ხმაც ნაკლებად ისმის დღეს საზოგადოებაში
ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი იქნება იმ ადამიანების ხმა, რომელთა ხმაც ნაკლებად ისმის დღეს საზოგადოებაში

სახალხო დამცველი იქნება იმ ადამიანების ხმა, რომელთა ხმაც ნაკლებად ისმის დღეს საზოგადოებაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. დღეს მას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე მოუსმენენ.

ნინო ლომჯარიას განმარტებით,  კომიტეტის სხდომაზე წარმოადგენს საკუთარ ხედვას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

“დღეს მე წარმოვადგენ ადამიანის უფლებების დაცვის ჩემს ხედვას, როგორ ვაპირებ განვავითარო სახალხო დამცველის საქმიანობა და აპარატი. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ისეთ უფლებებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის თემები, რაც საზოგადოებრივი განვითარების შედეგად მოიტანა დრომ. ყურადღებას გავამახვილებ იმ ადამიანების უფლებებზე, რომელთა ხმა შედარებით ნაკლებად ისმის სხვადასხვა გარემოების გამო, იმის გამო, რომ თუნდაც არ ყავთ აქტიური და მობილიზებული მხარდამჭერები სამოქალაქო საზოგადოებაში. ამიტომ, სახალხო დამცველი იქნება იმ ადამიანების ხმა, რომელთა ხმა ნაკლებად ისმის დღეს საზოგადოებაში“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კანდიდატმა აქცენტი გააკეთა სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის ხარისხზეც. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ომბუდსმენის დამოუკიდებლობა კანონით არის გარანტირებული.

“ვფიქრობ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით სახალხო დამცველს აქვს ძალიან მაღალი დაცვის გარანტიები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდა კონტროლის მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ნამდვილად არსებობს დღეს ის გარემოებები, რომ სახალხო დამცველს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან. დარწმუნებული ვარ, რომ სახალხო დამცველის აპარატი, და ჩემი არჩევის შემთხვევაში, მეც შევძლებ,  გავუმკლავდე მსგავსი ტიპის გამოწვევებს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.