მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრთან დედამიწის ზომის პლანეტის არსებობა საბოლოოდ დაადასტურა. ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ პლანეტას, რომელსაც პროქსიმა b-ს უწოდებენ, დედამიწაზე 1,17-ჯერ მეტი მასა აქვს და მდებარეობს თავის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, რომელსაც ის გარს უვლის ყოველ 11,2 დღეში ერთხელ.
აღმოჩენა შესაძლებელი გახდა რადიალური სიჩქარის მეთოდით გაზომვებით, რომლებიც უპრეცედენტო სიზუსტით ჩაატარა შვეიცარიაში დამზადებულმა ახალმა სპექტროგრაფმა ESPRESSO-მ; ეს უკანასკნელი ამჟამად ყველაზე ზუსტი სპექტროგრაფია და დამონტაჟებულია ჩილეში განთავსებულ ძალიან დიდ ტელესკოპზე (VLT). პროქსიმა b ოთხი წლის წინ აღმოაჩინეს, ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ დამზადებული უფრო ძველი სპექტროგრაფით, სახელად HARPS; ხელსაწყომ მაშინ გაზომა აშლილობა ვარსკვლავის სიჩქარეში, რაც მასთან არსებულ კომპანიონ ობიექტზე მიუთითებდა.
სპექტროგრაფმა ESPRESSO-მ რადიალური სიჩქარით გაზომვები ჩაუტარა ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრს, რომელიც მზისგან 4,3 სინათლის წლით არის დაშორებული. გაზომვების სიზუსტე წამში 30 სანტიმეტრი იყო, რაც წინა თაობის სპექტროგრაფ HARPS-ის მონაცემებზე სამჯერ ზუსტია.
„HARPS-ის მუშაობით ჩვენ ისედაც ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან გასული 17 წლის განმავლობაში, ამ ხელსაწყოთი ასობით ეგზოპლანეტა აღმოვაჩინეთ. ახლა კიდევ უფრო ბედნიერები ვართ, რომ ESPRESSO-ს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს და მომდევნო 10 წლის განმავლობაში დიდად გაგვანებივრებს“, — ამბობს ჟენევის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის პროფესორო, ESPRESSO-ს ხელმძღვანელი ფრანჩესკო პეპე.
კვლევის ავტორის, ალეხანდრო სუარეს მასკერანიოს განცხადებით, პროქსიმა b-ს არსებობის დადასტურება მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პლანეტაა მზის სამეზობლოში.
ESPRESSO-ს გამოყენებით ჩატარებულმა გაზომვებმა დაადგინა, რომ პროქსიმა b-ს მასა 1,17 დედამიწის მასის ტოლია და თავის დედავარსკვლავს ის გარს უვლის ყოველ 11,2 დღეში ერთხელ.
„ESPRESSO-მ პლანეტის მასა დედამიწის მასის ერთი-მეათედის სიზუსტით გაზომა. სრულიად გაუგონარი მიღწევაა“, — ამბობს 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში, ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი, „ESPRESSO-ს ტიპის ინსტრუმენტთა არქიტექტორი მიშელ მაიორი.
რაც შეეხება სიცოცხლეს?
მიუხედავად იმისა, რომ პროქსიმა b თავის ვარსკვლავთან იმაზე 20-ჯერ ახლოს არის, ვიდრე დედამიწა მზესთან, ის მაინც იგივე ენერგიას იღებს, ანუ ზედაპირზე ტემპერატურა თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს; თხევად წყალში კი შესაძლოა, სიცოცხლეც ყვაოდეს.
შეიძლება პროქსიმა b იდეალური კანდიდატი იყოს ბიოლოგიური ნიშნების საძებნელად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი იმის ვარაუდისთვის, რომ სიცოცხლემ მის ზედაპირზე აღმოცენება შეძლო. მისი დედავარსკვლავი, პროქსიმა კენტავრი, აქტიური წითელი ჯუჯაა, რომელიც პლანეტას რენტგენული სხივებით ბომბავს, რომელსაც ის დედამიწასთან შედარებით 400-ჯერ დიდი რაოდენობით იღებს.
„აქვს თუ არა მას ატმოსფერო, რომელიც პლანეტას ამ მომაკვდინებელი სხივებისგან დაიცავს? და თუ იქ ატმოსფერო არის, შეიცავს თუ არა ის იმ ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის განვითარებისთვის (მაგალითად, ჟანგბადი)? რამდენ ხანს არსებობდა ასეთი ხელსაყრელი პირობები?“, — ამბობს ჟენევის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის მკვლევარი, ESPRESSO-ს სამეცნიერო მუშაობასა და მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი კრისტოფერ ლოვისი.
მისი თქმით, ისინი ყველა ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას აპირებენ, განსაკუთრებით კი ისეთი სამომავლო ინსტრუმენტებით, როგორიც არის სპექტრომეტრი RISTRETTO, რომელსაც ისინი სპეციალურად პროქსიმა b-ს სინათლის დასაფიქსირებლად ააგებენ; ლოვისი იმედს ასევე ამყარებს სპექტრომეტრ HIRES-ზე, რომელიც დამონტაჟდება ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის უკიდურესად დიდ ტელესკოპზე (ELT); ამ უკანასკნელის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს ჩილეში და მისი სარკის დიამეტრი 39 მეტრი იქნება.
არის თუ არა იქ მეორე პლანეტა?
ამასობაში, ESPRESSO-ს მიერ ჩატარებულ გაზომვათა სიზუსტემ შეიძლება, კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიტანოს. ჯგუფმა მონაცემებში მეორე სიგნალის მტკიცებულება იპოვა, თუმცა, მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ არ იციან. პროფესორ პეპეს განცხადებით, თუკი ეს სიგნალი პლანეტური წარმოშობისაა, პროქსიმა b-ს კომპანიონი ამ პლანეტის მასა დედამიწისაზე სამჯერ ნაკლები უნდა იყოს და ის ყველაზე პატარა პლანეტა იქნება, რომლის გაზომვაც ოდესმე ჩატარებულა რადიალური სიჩქარის მეთოდით.
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტროგრაფმა ESPRESSO-მ მუშაობა 2017 წელს დაიწყო და სრული დატვირთვით ჯერ არ ამუშავებულა, მაგრამ მისი პირველადი შედეგები უკვე ძალიან ბევრი შესაძლებლობისკენ გვიხსნის გზას.
პირველი ეგზოპლანეტა 1995 წელს ჟენევის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის მკვლევრებმა, მიშელ მაიორმა და დიდიე კელომ აღმოაჩინეს. ეს გახლდათ გაზის გიგანტი პლანეტა 51 პეგასი b, რომელიც მათ სპექტროგრაფ ELODIE-ით იპოვეს; ამ ხელსაწყოს სიზუსტე 10 მეტრი წამში იყო. რაც შეეხება ESPRESSO-ს, დღეს მისი სიზუსტე 30 სანტიმეტრი წამია (მალე 10 სმ/წმ გახდება) და შესაბამისად, დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტათა კვლევის უდიდესი პოტენციალი აქვს.
მომზადებულია unige.ch-ის მიხედვით.