მზის სისტემის გიგანტური პლანეტები ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის გიგანტური პლანეტები ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში — #1tvმეცნიერება

სატურნის გადაღებით, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მზის სისტემის გაზის გიგანტი ოთხივე პლანეტის გადაღება დაასრულა.

რგოლებიანი პლანეტა ჯეიმს ვებმა 2023 წლის 25 ივნისს გადაიღო; ფოტო უკვე დაამუშავეს და ჩვენ წინაშეა სატურნის რგოლების მომაჯადოებელი ხედი კოსმოსური წყვდიადის ფონზე.

ახალ ფოტოზე სატურნის დისკო საკმაოდ ბნელი მოჩანს; არ ჩანს ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის ღრუბლების ზოლები და მთლიანი პლანეტა შედარებით უსახური, მოყავისფრო მოჩანს.

ამის მიზეზი ის არის, რომ ტალღის ის სიგრძეები, რომელშიც ჯეიმს ვები სამყაროს ხედავს — ახლო და შუა-ინფრაწითელი. შეუიარაღებელი თვალით ადამიანი ტალღის ამ სიგრძეებს ვერ ხედავს, მაგრამ შეიცავს ძალიან ბევრ ინფორმაციას.

მაგალითად, ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში დომინირებს თერმული გამოსხივება, რაც სითბოსთან არის დაკავშირებული. როდესაც ცდილობ, გაარკვიო, რა ხდება სქელ, გაუმჭვირვალე ღრუბლებში გახვეული პლანეტის წიაღში, ამისათვის იდეალურია ტემპერატურის შესწავლა.

ინფრაწითელ სინათლეს გამოყოფს ზოგიერთი ელემენტი და ქიმიური პროცესიც. შესაბამისად, ასეთ ტალღის სიგრძეებში მზის სისტემის პლანეტების შესწავლა საკმაოდ ბევრ ახალ ცნობას გვაწვდის მათ შესახებ.

სატურნი

სატურნი

სატურნზე დაკვირვებებისას, ჯეიმს ვებმა გამოიყენა ფილტრები, რომლებიც ამ პლანეტის სინათლეს აბნელებს, მაგრამ უფრო კაშკაშად წარმოაჩენს მისი რგოლებისა და მთვარეების სინათლეს. შედეგად, ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს სატურნის რგოლებისა და მთვარეების უფრო დეტალურად შესწავლის საშუალება აქვთ.

ისინი იმედოვნებენ, რომ გამოავლენენ რგოლების ახალ სტრუქტურას და იქნებ ახალი მთვარეებიც აღმოაჩინონ. სურათზე, პლანეტის მარცხნივ ჩანს სატურნის სამი მთვარე — დიონა, ენცელადი და თეტისი. პლანეტის დისკო ასევე გვაწვდის ინფორმაციას სატურნის სეზონური ცვალებადობის შესახებ.

ჩრდილოეთ ნახევარსფერო ახლა 7-წლიანი ზაფხულის მიწურულშია, მაგრამ პოლარული რეგიონი მაინც მუქია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვენთვის უცნობი აეროზოლების პროცესი. დისკოს კიდეები კაშკაშად მოჩანს, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს მეთანის ნათება.

იუპიტერი

ჯეიმს ვები,იუპიტერი

იუპიტერი პირველი იყო ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ გიგანტურ პლანეტათა შორის. ფოტო გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.

ალბათ მთლად გასაკვირი არ ყოფილა ფოტოზე პლანეტის ტურბულენტური ღრუბლებისა და შტორმების ხილვა, მაგრამ მოჩანს ისეთი რაღაც, რაც იშვიათი სანახავია: ხილულ ტალღის სიგრძეებში უხილავი იუპიტერის პოლუსებთან მოკიაფე მუდმივი ციალი და მისი გაუხშოებული რგოლები.

ასევე მოჩანს პლანეტის ორი პატარა, ნაკლებად ცნობილი მთვარე — ამალთეა და ადრასთეა, შორეულ გალაქტიკათა ბუნდოვანი ლაქების ფონზე.

ნეპტუნი

ნეპტუნი

ნეპტუნზე დაკვირვებები ჯეიმს ვებმა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ვინაიდან ნეპტუნი ასე შორსაა, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია. ფაქტობრივად, მისი ნორმალური ფოტოები პირველად და უკანასკნელად ვოიაჯერ 2-მა გადაიღო 1989 წელს მის სიახლოვეს გადაფრენისას. პირველად 30 წლის შემდეგ, ჯეიმს ვებმა ყინულის გიგანტი პლანეტის რგოლებიც გვაჩვენა, თანაც ინფრაწითელ დიაპაზონში.

ფოტოზე ასევე ჩანს ნეპტუნის ჩვენთვის ცნობილი 14 მთვარიდან შვიდი; ვხედავთ მის ატმოსფეროში არსებულ კაშკაშა ლაქებსაც. მათი უმეტესობა შტორმებს წარმოადგენს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, პლანეტის ეკვატორთან დაინახავთ გარშემორტყმულ კაშკაშა ზოლს. ეს მახასიათებელი მეცნიერებს აქამდე ნანახი არ ჰქონდათ და ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება ნეპტუნის გლობალური ატმოსფერული ცირკულაციის ნიშანი იყოს.

ურანი

ურანიც საკმაოდ შორს არის ჩვენგან და ისიც ბევრი უცნაურობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ ჰგავს ნეპტუნს, ორი პლანეტა ერთმანეთისგან ფერებით განსხვავდება. ამას გარდა, ურანი გვერდზეა გადაწოლილი, რისი ახსნაც საკმაოდ რთულია.

ჯეიმს ვებმა მისი ფოტოები 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა. სურათებზე მოჩანს მისი გასაოცარი რგოლების სისტემა და ამოუხსნელი ატმოსფერული ნათება პლანეტის პოლუსზე.

ჯეიმს ვებს ჯერ ძალიან ბევრი აქვს სათქმელი ადრეული სამყაროს შესახებ, მაგრამ კოსმოსურ მეცნიერებას ის სამშობლოს მისადგომების შესწავლაშიც ეხმარება. მისი მუშაობის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავიდა და წარმოიდგინეთ, რამდენი საოცარი აღმოჩენა გველოდება წინ…

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.