მზის სისტემაში შემოჭრილი ვარსკვლავთშორისი კომეტა წყალსა და ციანიდს შეიცავს - ახალი კვლევა
მრავალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ სამყაროში, მზის სისტემის მიღმა, ძალიან ბევრი წყალია. თუმცა, მისი დაფიქსირება და შესწავლა არც თუ ისე ადვილია, თუ არ ჩავთვლით შემთხვევას, როცა ეს წყალი თავად მოვა ჩვენთან. სწორედ ასეთი რამ მოხდა ახლა, როცა წყალი ჩვენთან შორეული კოსმოსიდან მოსულმა კომეტამ მოიტანა.
ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოჭრილი კომეტა ბორისოვი წყლის ორთქლს უშვებს.
ეს კი თავის მხრივ ინფორმაციას გვაწვდის კომეტის ბირთვის, აქროლადი ელემენტებისა და შემადგენლობის შესახებ. ასევე ვიღებთ გარკვეულ ცნობებს იმ ვარსკვლავური სისტემის შესახებ, სადაც ის დაიბადა.
როგორც მეცნიერები კვლევაში წერენ, კომეტებს პირველადი აქროლადი შემადგენლობა აქვთ, რაც აირეკლავს იმ გარემო პირობებს, რომლებიც მის წარმომქმნელ პროტოვარსკვლავურ დისკოში იყო. სწორედ ამიტომ, კომეტური აქროლადების შესწავლა უმძლავრესი საშუალებაა პლანეტის ფორმაციის დროს მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური პროცესების გასარკვევად.
მკვლევართა განცხადებით, ვარსკვლავთშორისი კომეტა ბორისოვის აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ აქროლადი ნივთიერებები, რომლებიც მზის სისტემის გარედან არის მოსული.
მზის სისტემის კომეტები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი და სწორედ მათი წყალობით, ბევრი რამ ვიცით იმ პროცესთა შესახებ, რომლებიც ჩვენი პლანეტების ფორმაციის დროს მიმდინარეობდა. თუმცა, კვლავ უზარმაზარ საიდუმლოდ რჩება ეგზოპლანეტათა სისტემები. ეგზოპლანეტების შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ აღმოცენდება სიცოცხლე სამყაროში.
ცნობილია, რომ მზის სისტემის კომეტები საკმაოდ მდიდარია წყლით. უფრო მეტიც, მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე წყლის უდიდესი ნაწილი სწორედ კომეტებმა და ასტეროიდებმა მოიტანეს.
გამომდინარე აქედან, ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მკვლევარმა ადამ მიკეიმ და მისმა კოლეგებმა ვარსკვლავთშორისი კომეტის სპექტროსკოპიული დაკვირვება აწარმოეს, რათა გაეგოთ, რამდენ წყალს შეიცავს ის. ასტროფიზიკური კვლევების კონსორციუმის ტელესკოპით, რომელიც ნიუ-მექსიკოში მდებარეობს, მათ ორი სპექტრი აიღეს 1800-წამიანი დაყოვნებებით.
კომეტა ბორისოვს საკუთარი სინათლე არ გააჩნია, მაგრამ განათებულია მზის შუქით. ეს სპექტრი კომეტის სინათლეს შემადგენელ ტალღის სიგრძეებად შლის. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ელემენტები სპეციფიკურ ტალღის სიგრძეში გამოსხივდება და შთაინთქმება, მეცნიერებმა შეძლეს იმ გაზის ქიმიური შემადგენლობის გარკვევა, რომელშიც სინათლე იფილტრება.
შესაბამისად, ორ სპექტრში ჯგუფმა შენიშნა შთანთქმის ხაზი, რომელიც იქ წყლის არსებობაზე მეტყველებს. ამ ხაზის სიძლიერეზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ვარსკვლავთშორისი კომეტიდან იმავე ოდენობის წყლის სუბლიმირება ხდება, რაც მზის სისტემის კომეტებიდან.
ამის შემდეგ, მარტივი მოდელის გამოყენებით ჯგუფმა განსაზღვრა, რომ კომეტაზე წყლის აქტიურად მწარმოებელი რეგიონის ფართობი 1,7 კვადრატული კილომეტრია; კომეტის ზომის ეს პროპორცია ასევე შეესაბამება მზის სისტემის კომეტებისას.
სხვა სპექტროსკოპიული ანალიზებით დადგინდა, რომ კომეტა ბორისოვი ასევე აწარმოებს ციანიდსა და ორატომიან ნახშირბადს — კიდევ ორი სხვა ნივთიერება, რომლებიც ასევე გვხვდება მზის სისტემის კომეტებში. ამ ანალიზებზე დაყრდნობით, ჯგუფი აცხადებს, რომ პროპორცია, რომლითაც კომეტა ბორისოვი აწარმოებს წყალს, ციანიდსა და ორატომიან ნახშირბადს, ასევე ძალიან ახლოსაა მზის სისტემის კომეტებისასთან.
ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები მოდელებს ეფუძნება და დადასტურებისთვის საჭიროა მეტი დაკვირვება. თუმცა, უკვე საკმაოდ ბევრი რამ მიუთითებს, რომ ეს კომეტა ძალიან, ძალიან ჰგავს ჩვენს კომეტებს.
ეს კი მართლაც საოცარია, რადგან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მზის სისტემა წარმოიქმნა გარემოში, რომელიც სულაც არაა უნიკალური. ანუ, ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ სამყაროში შეიძლება ძალიან ბევრი იყოს დედამიწის ასლი პლანეტა.
8 დეკემბერს კომეტა ბორისოვი პერიჰელიონს მიაღწევს, ანუ თავისი მოგზაურობისას მზესთან ყველაზე ახლოს მივა. ამ დროს გაიზრდება მისი სიკაშკაშე და შესაბამისად, ასტრონომები კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას შეძლებენ ჩვენი უცნაური ვარსკვლავთშორისი სტუმრის შესახებ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ arXiv-ზე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.