ყოველდღე როდი ხდება, რომ მზის სისტემის გარედან შემოჭრილმა ასტეროიდმა პირდაპირ ჩვენს კარს ჩაუქროლოს. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვნახეთ, როდესაც ოქტომბერში, ასტრონომებმა ვარსკვლავთშორისი ასტეროიდი ოუმუამუა დააფიქსირეს.
ამჯერად, ასტრონომთა და ინჟინერთა კოლექტივს სურთ ხელიდან არ გაუშვან ოუმუამუას კვლევის შანსი და მას რაკეტით დაედევნონ. ინიციატივას მათ „პროექტი ქნარი“ უწოდეს.
იდეა ცოტა არ იყოს გიჟურია, მაგრამ ოუმუამუა ამად ნამდვილად უნდა ღირდეს. გარდა იმისა, რომ იგი ვარსკვლავთშორისი წარმოშობისაა, არ ჰგავს არც ერთ იმ ასტეროიდს, რომლებსაც კაცობრიობა ოდესმე დაკვირვებია.
სიგარის ფორმის ასტეროიდი სიგრძეში ათჯერ მეტია, ვიდრე სიგანეში — მსგავსი ფორმა ასტრონომებს აქადე არასოდეს უნახავთ მზის სისტემაში არსებულ ასტეროიდებში. იგი კლდოვანია, შესაძლოა მეტალით მდიდარიც და გაწითლებულია კოსმოსური დასხივებით.
ჩვენთან მოვიდა ქნარის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავ ვეგას მიმართულებიდან, 95 000 კმ/სთ სიჩქარით.
თავდაპირველად იფიქრეს, რომ იგი ვეგას ორბიტიდან იყო მოსული, მაგრამ იქიდან ამ სიჩქარით ჩვენამდე მოსასვლელად, 300 000 წელი დასჭირდებოდა. 300 000 წლის წინ კი, ვეგა ცაზე სრულიად სხვა ადგილას იყო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოუმუამუას შეიძლება ვეგა „თვალითაც“ არასდროს უნახავს და უკვე ასობით მილიონი წელიწადია, რაც კოსმოსში მარტოდმარტო დახეტიალობს.
მისმა კვლევამ შესაძლოა ძალიან ბევრი რამ გვითხრას იმ ვარსკვლავური სისტემის შესახებ, რომელშიც ის დაიბადა, ისევე როგორც მოგვითხროს გარკვეული ამბები მზის სისტემის მიღმა არსებულ ასტეროიდთა შესახებ, რომლებიც შეიძლება ჩვენს მზის სისტემაში იმაზე ხშირად შემოდიან, ვიდრე გვგონია.
სწორედ ამიტომ გაუჩნდათ მეცნიერებისა და ინჟინრების მოხალისე კოლექტივს ვარსკვლავთშორისი კვლევების ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ოუმუამუასთან რაკეტის გაგზავნა და მისი შემოწმება სურთ. მაგრამ ეს ბევრად რთული საქმე იქნება, ვიდრე იყო ზონდის დასმა კომეტა 67P/ჩურიმოვ-გერასიმენკოზე, რომელიც თავის მხრივ, ძალზედ საძნელო საქმე აღმოჩნდა.
სხვათა შორის, ყველაზე დიდი წინაღობა ოუმუამუას დადევნება იქნება. კომეტა 67P მზის გარშემო, ორბიტაზე მოძრაობს, შესაბამისად, არსად არ მიდის. მაგრამ ოუმუამუა უკვე გააფთრებული მიჰქრის მზის სისტემის კიდეებისკენ და გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენს სისტემას უკან მოიტოვებს — კვლავ ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიჭრება.
როდესაც მან მზის სიახლოვეს შურდულივით ჩაიქროლა, კიდევ უფრო მეტი სიჩქარე აკრიფა და 20 ნოემბრისთვის, მისი სიჩქარე უკვე 138 000 კმ/სთ გახდა (38,3 კმ/წმ). იუპიტერის ორბიტას იგი 2018 წლის მაისში გადაკვეთს.
მაგალითად, ზონდ „როზეტას“ 10 წელიწადი დასჭირდა დედამიწიდან 510 მლნ კილომეტრ მანძილზე მდებარე კომეტა ჩურიმოვ-გერასიმენკომდე მისაღწევად; NASA-ს ხომალდ „ჯუნოს“ კი 5 წელი, 588 მლნ კილომეტრით დაშორებული იუპიტერის ორბიტაზე გასასვლელად.
აღსანიშნავია, რომ ოუმუამუას ამჟამინდელი სიჩქარის მხოლოდ ნახევარი აქვს პლუტონისკენ გაგზავნილ ზონდ New Horizons-საც კი, რომელმაც თავის დროზე რეკორდი დაამყარა დედამიწიდან გაშვების სიჩქარეში; მისი ნახევარი სიჩქარით მოძრაობს ადამიანის მიერ ხელთქმნილი უშორესი ობიექტი, რომელმაც მზის სისტემა უკვე დატოვა — ვოიაჯერ 1.
New Horizons-ი გაეშვა წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით — 58 536 კმ/სთ, ვოიაჯერ 1-ის სიჩქარე კი ამჟამად 61 200 კმ/სთ-ია.
მაგრამ ინიციატივის წარმომადგენელთა თქმით, ეს ტექნიკური დაბრკოლებაც კი, ამად ღირს.
„გარდა ამ ობიექტისგან მიღებული სამეცნიერო მონაცემებისა, მისადმი მიღწევის გამოწვევა გაარღვევს კოსმოსის კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიურ საბურველს“, — წერენ მკვლევრები.
„აქედან გამომდინარე, „პროექტი ქნარი“ საინტერესოა არა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ იმ ტექნოლოგიური გამოწვევისთვისაც, რომელსაც ის წარმოშობს“.
საკვანძო ელემენტებს შორისაა მოგზაურობის დრო, ხომალდის სიჩქარე, მახასიათებელი ენერგია და თავად ასტეროიდის სიჩქარე. მკვლევრები გაშვების დროდ დღეიდან 5-30 წლებს შორის მონაკვეთს ასახელებენ; სწორედ ამდენი დროა საჭირო, რათა ამ სახის ზონდს ოუმუამუას დაწევისთვის საჭირო აჩქარება მიანიჭონ.
თუმცა, არის ერთი გადამწყვეტი პრობლემა: გათვლები ეყრდნობა ოუმუამუას ჩვენთან მოსვლის სიჩქარეს (95 000 კმ/სთ). ამ სიჩქარეს ასტეროიდი რამდენიმე წლის შემდეგ, თანდათან დაუბრუნდება.
ალბათ ამჟამად განვითარების პროცესში მყოფი რეაქტიული ტექნოლოგიები გახდის შესაძლებელს, რათა დროის ამ მონაკვეთში ზონდი დაედევნოს და დაეწიოს ასტეროიდს; უპირველესად იგულისხმება მზის იალქნების ტექნოლოგია.
ამასობაში, ყოველთვის შეგვიძლია გავაუმჯობესოთ დაფიქსირების სისტემები, და ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც კიდევ გამოვიჭიროთ სხვა ვარსკვლავთშორისი სტუმარი.
„ჩვენი ანალიზების მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ კარგად დავინახეთ Breakthrough Initiatives-ის Project Starshot-ის ლაზერული დასხივების ინფრასტრუქტურის ფასეულობა, რომელიც საკმარისად მოქნილი უნდა იყოს სამომავლო მოულოდნელ მოვლენებზე სწრაფი რეაგირებისთვის, მაგალითად, გაგზავნოს ზონდების გუნდი შემდეგ სტუმართან“, — წერენ მკვლევრები დოკუმენტში.
„ასეთი ინფრასტრუქტურა რომ დღესვე გვქონდეს, გზის მომჭრელი მისია ოუმუამუასთან ერთ წელიწადში მიაღწევდა“.
დოკუმენტის სრული ვერსია რეზენზირებამდელ სერვერ arXiv.org-ზეა გამოქვეყნებული.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით