მზის, მისი სისტემისა და შესაბამისად, შემდეგ სიცოცხლის აღმოცენებაც შეიძლება, ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომისა და პატარა გალაქტიკის, სახელად მშვილდოსნის შეჯახების შედეგია. ეს პატარა გალაქტიკა ჩვენს მშობლიურ გალაქტიკას უვლის გარს და ის 1990-იან წლებში აღმოაჩინეს.
ასტრონომებმა იციან, რომ მშვილდოსანი პერიოდულად გადის ჩვენი გალაქტიკის დისკოში, რადგან გრავიტაციულ ძალთა გავლენით, ის ჩვენი გალაქტიკის ბირთვის გარშემო მოძრაობს. წარსულში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკას დიდი გავლენა ჰქონდა ირმის ნახტომის ვარსკვლავთა მოძრაობაზე. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, 10 000-ჯერ უფრო მასიური ირმის ნახტომის სპირალური სტრუქტურა შეიძლება, გასული ექვსი მილიარდი წლის განმავლობაში მშვილდოსანთან მომხდარი ბოლო სამი შეჯახების შედეგად იყოს წარმოქმნილი.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკის გავლენა ირმის ნახტომზე, შეიძლება, უფრო დიდი იყოს. როგორც ჩანს, შეჯახებების შედეგად წარმოქმნილმა ჭავლებმა გამოიწვია ვარსკვლავთწარმოქმნის ეპიზოდები, რომელთაგან ერთ-ერთი ემთხვევა მზის დაბადებას, 4,7 მილიარდი წლის წინ.
„არსებული მოდელებიდან ცნობილია, რომ მშვილდოსანმა ირმის ნახტომში სამჯერ გაიარა — პირველად ხუთი ან ექვსი მილიარდი წლის წინ, შემდეგ ორი მილიარდი წლის წინ და ბოლოს, მილიარდი წლის წინ“, — ამბობს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორი, კანარის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტის (IAC) მკვლევარი ტომას რუის-ლარა.
მისი თქმით, გაიას მონაცემებში ჩახედვის შემდეგ, მათ აღმოაჩინეს გაზრდილი ვარსკვლავთწარმოქმნის სამი ეპიზოდი, რომლებმაც პიკს მიაღწიეს 5,7 მილიარდი წლის წინ, 1,9 მილიარდი წლის წინ და 1 მილიარდი წლის წინ, რაც ემთხვევა მშვილდოსნის გავლებს ირმის ნახტომის დისკოში.
მკვლევრებმა გაზომეს მზისგან 6500 სინათლის წლის რადიუსის სფეროში არსებულ ვარსკვლავთა ნათება, მანძილი და ფერები, რაც შემდეგ ვარსკვლავთა ევოლუციის არსებულ მოდელებს შეადარეს. რუის-ლარას განცხადებით, მოსაზრება, რომ ჯუჯა გალაქტიკას შეიძლება ასეთი ეფექტი ჰქონოდა, ფრიად საზრიანია.
„თავიდან ჩვენ წინაშეა გალაქტიკა ირმის ნახტომი, რომელიც შედარებით მშვიდია. ვარსკვლავთწარმოქმნის საწყისი სასტიკი ეპოქის შემდეგ, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო ადრეული შეჯახებით, ირმის ნახტომმა დაბალანსებულ მდგომარეობას მიაღწია, რომელშიც ვარსკვლავები მუდმივად, უწყვეტად წარმოიქმნებოდა. უცბად, ირმის ნახტომში გაივლის მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა და ირღვევა წონასწორობა, რაც მასში არსებულ გაზსა და მტვერს ისე ამოძრავებს, როგორც ჭავლებს წყალში“, — ამბობს ტომას რუის-ლარა.
ირმის ნახტომის ზოგიერთ ზონაში, ამ ჭავლებს უნდა გამოეწვია მტვრისა და გაზის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ზოგიერთი ადგილი კი პირიქით, დაეცარიელებინა. მატერიის მაღალ სიმკვრივეს კი ასეთ ზონებში უნდა გამოეწვია ახალ ვარსკვლავთა დაბადება.
კვლევის თანაავტორის, კარმე გალიარტის განცხადებით, მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკამ გავლენა მოახდინა ირმის ნახტომის არა მხოლოდ სტრუქტურის ფორმასა და ვარსკვლავთა მოძრაობის დინამიკაზე, არამედ მის აგებულებაზეც. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ირმის ნახტომის ვარსკვლავური მასის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოიქმნა მშვილდოსანთან ურთიერთქმედების შედეგად და სხვაგვარად ის არც იარსებებდა.
მზის დაბადება
როგორც ჩანს, სრულიად შესაძლებელია, რომ მზე და მისი პლანეტებიც კი არ იარსებებდა ირმის ნახტომის დისკოში მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკის გავლის გარეშე.
„მზე მაშინ დაიბადა, როცა ირმის ნახტომში ვარსკვლავები მშვილდოსნის პირველი გავლის შედეგად იბადებოდნენ. დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, მშვილდოსნის ეფექტების გამო კოლაფსირდა თუ არა გაზისა და მტვრის ის ღრუბელი, რომლისგანაც მზე გაჩნდა. თუმცა, ეს სცენარი სრულიად შესაძლებელია, რადგან მზის ასაკი შეესაბამება ისეთი ვარსკვლავის ასაკს, რომელიც მშვილდოსნის ეფექტებით შეიძლება გაჩენილიყო“, — ამბობს კარმე გალიარტი.
ყოველმა შეჯახებამ მშვილდოსანს გაზისა და მტვრის გარკვეული ნაწილი შემოაცალა და შესაბამისად, ყოველი გავლის შემდეგ, გალაქტიკა ზომაში პატარავდებოდა. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ მშვილდოსანმა ირმის ნახტომში ბოლოს შეიძლება, რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ გაიარა და შემდეგი გავლა უკვე საკმაოდ ახლოს არის. საქმე ის არის, რომ ახალმა კვლევამ აღმოაჩინა ვარსკვლავთწარმოქმნის ბოლოდროინდელი აფეთქება, რაც შეიძლება მიუთითებდეს ვარსკვლავთა გაჩენის ახალ და მიმდინარე ტალღაზე.
„გაიას“ პროექტის მეცნიერის, ტიმო პრუსტის განცხადებით, ირმის ნახტომის ვარსკვლავთწარმოქმნის ისტორიის ასეთი დეტალების ცოდნა ხომალდ „გაიას“ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ვარსკვლავთა აღმრიცხველი ეს ტელესკოპი კოსმოსში 2013 წელს გაუშვეს; მის მიერ შეგროვებულ მონაცემთა ორი წყება 2016 და 2018 წლებში გამოქვეყნდა და ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ირმის ნახტომის კვლევაში.
„ევროპის კოსმოსური სააგენტოს 1990-იანი წლების მისია „ჰიპარქეს“ მონაცემების წყალობით, ირმის ნახტომის ვარსკვლავთწარმომქმნელი ისტორიის გარკვეული ცნობები აქამდეც არსებობდა, თუმცა, მისი დაკვირვებები ფოკუსირებული იყო მზის უშუალო სამეზობლოზე. ის ნამდვილად არ იყო წარმომადგენლობითი და არ შეეძლო ვარსკვლავთწარმოქმნის იმ ტალღების აღმოჩენა, რომლებიც „გაიამ“ გვაჩვენა“, — ამბობს ტიმო პრუსტი.
მისივე თქმით, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ირმის ნახტომის ვარსკვლავთწარმოქმნის დეტალურ ისტორიას ვხედავთ, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხომალდ „გაიას“ შესაძლებლობებს.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.