ასტრონომებმა აღმოაჩინეს სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელი პლანეტა და მისი დედავარსკვლავი, რომლებიც დედამიწას და მზეს ყველაზე მეტად ჰგვანან ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილ პლანეტა-ვარსკვლავის წყვილებს შორის.
პლანეტა, რომელიც ჯერ კიდევ პლანეტობის კანდიდატია საბოლოოდ დადასტურებამდე, ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს, ანუ, მისგან ისეთ მანძილზე, რომ ტემპერატურა ხელსაყრელი უნდა იყო ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის. წყალში კი შეიძლება, სიცოცხლეც იყოს.
მისი ზომა ჩვენი პლანეტისაზე 1,9-ჯერ დიდია.
„ეს გახლავთ დედამიწაზე თითქმის ორჯერ დიდი პლანეტისა და მზის ტიპის დედავარსკვლავის კომბინაცია, რის გამოც, ეს წყვილი ჩვენთვის განსაკუთრებულია“, — ამბობს კვლევის ავტორი რენე ელერი.
კვლევა მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევების ინსტიტუტის ასტრონომთა ჯგუფმა ჩაატარა და რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში.
ამ დროისათვის, პლანეტის კანდიდატს KOI-456.04-ს უწოდებენ. თუ მისი არსებობა სხვა ტელესკოპებმაც დაამტკიცეს, ეგზოპლანეტა შუერთდება მზის სისტემის გარეთ აღმოჩენილი დაახლოებით 4000 პლანეტის სიას.
რაც შეეხება მის დედავარსკვლავს, ის კეპლერ-160-ის სახელით არის ცნობილი და მის გარშემო წარსულში უკვე აღმოჩენილია ორი პლანეტა. ამჯერად, ასტრონომებმა იქ კიდევ ორი სხვა პლანეტა აღმოაჩინეს.
რა განაპირობებს ეგზოპლანეტის სიცოცხლისუნარიანობას
იმისათვის, რათა პლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს, ის გარს უნდა უვლიდეს სტაბილურ ვარსკვლავს ისეთი მანძილიდან, რომ ტემპერატურა მის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი იყოს.
ასტრონომთა გათვლებით, ირმის ნახტომში სავარაუდოდ 10 მილიარდამდე დედამიწის მსგავსი პლანეტაა, მაგრამ ამ დროისათვის აღმოჩენილი გვაქვს მხოლოდ 4000 ეგზოპლანეტა და მათი დიდი ნაწილი დედამიწის მსგავსი, ანუ კლდოვანი არ არის.
ეგზოპლანეტათა უმეტესობას სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისათვის საჭირო გარემო პირობები არ აქვს. სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ყველაზე პოტენციური პლანეტები აღმოჩენილია წითელი ჯუჯების გარშემო, რომლებიც საკმარისად სტაბილური ვარსკვლავები არ არის. წითელი ჯუჯები მზეზე პატარა და მკრთალებია და გამოყოფენ ინფრაწითელ რადიაციას.
ხანდახან ისინი ამოაფრქვევენ მაღალენერგიულ ანთებებს, რასაც მათ გარშემო მოძრავი პლანეტების გადახრუკვა შეუძლია.
მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო არსებულ ჩვენთვის ცნობილ პლანეტებს შორის, უმეტესობა დედამიწაზე გაცილებით დიდია, დაახლოებით ნეპტუნის ზომის (დედამიწაზე ოთხჯერ დიდი). ასეთი დიდი ზომის პლანეტები კი ატმოსფეროში იკავებენ დიდი ოდენობით წყალბადს და ასეთი გაზის გიგანტები თხევად წყალს ვერ ინარჩუნებენ.
ახალი კანდიდატი პლანეტა იმედისმომცემია
აღმოჩენა ასტრონომებმა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის საარქივო მონაცემების დამუშავებისას გააკეთეს. კეპლერის მისის ნასამ 2018 წლის ოქტომბერში დაასრულა, თუმცა მანამდე გაუშვა მისი მემკვიდრე, ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპი TESS-ი, რომელმაც დაკვირვებები 2018 წლის აგვისტოში დაიწყო.
იმის გამო, რომ KOI-456.04 დედამიწაზე თითქმის ორჯერ დიდია, მისი ატმოსფერული გარემო ჩვენი პლანეტის მსგავსი უნდა იყოს. გარდა ამისა, მისი დედავარსკვლავი მზეზე 1,1-ჯერ დიდია და ზედაპირის ტემპერატურა 5200 გრადუსი ცელსიუსი აქვს (მზეზე 300 გრადუსით ნაკლები).
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, თუ KOI-456.04-ს ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროს მსგავსია, შესაბამისად, უნდა ჰქონდეს მსუბუქი სათბურის ეფექტი, ზედაპირის ტემპერატურა კი საშუალოდ 5 გრადუსი ცელსიუსი უნდა იყოს; დედამიწაზე ეს მაჩვენებელი 15 გრადუსია.
სისტემა ჩვენგან 3000 სინათლის წლით არის დაშორებული.
კანდიდატ პლანეტას უკეთესად მომავლის კოსმოსური ტელესკოპები შეისწავლის. მათ შორის იქნება ნასას, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და კანადის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი ტელესკოპი ჯეიმს ვები, რომელიც 2021 წელს გაეშვება; ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპი PLATO, რომელიც 2026 წელს გაეშვება და მისი ძირითადი მიზანი მზის მსგავს ვარსკვლავებთან დედამიწის მსგავსი პლანეტების მოძებნა იქნება.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.