აღმოჩენილია დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
აღმოჩენილია დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის

ნასას პლანეტებზე მონადირე ტელესკოპი კეპლერი უკვე მკვდარია, მაგრამ მისი აღმოჩენები ჯერ არ დასრულებულა.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისია ნასამ 2018 წლის ნოემბერში დაასრულა, მაგრამ მის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზი დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ანალიზის დროს, მეცნიერებმა მონაცემებში ნამდვილი განძი იპოვეს — დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც შესაძლოა, სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვისაც ხელსაყრელი იყოს.

ეგზოპლანეტას კეპლერ-1649c უწოდეს და ის გარს უვლის ჩვენგან 300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს. ერთ გარშემოვლას პლანეტა 19,5 დღეს ანდომებს, მაგრამ მდებარეობს დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, ანუ მისგან ისეთ მანძილზე, რომ ტემპერატურა ხელსაყრელია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის შესანარჩუნებლად. იმის გამო, რომ წითელი ჯუჯები მკრთალი ვარსკვლავებია, სასიცოცხლო ზონაც მათთან საკმაოდ ახლოს არის.

„ეს დამაინტრიგებელი, შორეული პლანეტა კიდევ უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ სადღაც, ვარსკვლავებს შორის ნამდვილად არსებობს მეორე დედამიწა, რომელიც აღმოჩენას ელოდება“, — ამბობს განცხადებაში ნასას სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.

კეპლერი პლანეტებს ე. წ. ტრანზიტის მეთოდით ეძებდა, ანუ ვარსკვლავთა სინათლეში აკვირდებოდა ოდნავ ჩაბნელებებს, რაც გამოწვეულია ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის პლანეტის ჩავლით. კეპლერი ამ ყველაფერს ორ ფაზაში აკეთებდა — პირველი, ძირითადი მისია 2013 წელს დასრულდა, შემდეგ კი დაიწყო მეორე, დამატებითი მისია, სახელად K2, რომელიც 2018 წლის ბოლოს საწვავის მარაგის ამოწურვის გამო შეწყდა.

ორივე კამპანია ძლიერ წარმატებული იყო. ამ დროისათვის დადასტურებული 4100 ეგზოპლანეტიდან ორი-მესამედი სწორედ კეპლერის აღმოჩენილია. როგორც ხომალდის მიერ ჩატარებული დაკვირვებები მიუთითებს, ირმის ნახტომის 200 მილიარდზე მეტი ვარსკვლავის 20-25 პროცენტს სასიცოცხლო ზონაში აქვს კლდოვანი პლანეტები. ეს კი საკმაოდ ზრდის სადმე სიცოცხლის არსებობის პოტენციალს.

კეპლერის მიერ შეგროვებულ მონაცემთა უზარმაზარი ბაზის დამუშავებას ასტრონომები კიდევ რამდენიმე წელს მოანდომებენ. ზოგიერთი ანალიზის ჩატარება ორჯერ არის საჭირო, რადგან მუდმივად უმჯობესდება პროგრამული უზრუნველყოფა და ახალს შეუძლია შენიშნოს ვარსკვლავთა ისეთი ჩაბნელებები, რაც შეიძლება ძველმა სისტემამ ვერ აღიქვა, ანდაც პირიქით. ასეთი შემთხვევები კი კეპლერის მონაცემებში მრავლადაა, რადგან ვარსკვლავის სიკაშკაშის ჩაბნელება მის გარშემო მოძრავი პლანეტის გარდა ბევრ სხვა რამესაც შეუძლია.

ასეთი შემთხვევების შესასწავლად, ნასამ მკვლევართა სპეციალური ჯგუფიც შექმნა. სწორედ მათ დაადგინეს, რომ წინა კვლევებისას პლანეტა კეპლერ-1649c გამორჩენილი იყო.
კეპლერ-1649c თითქმის დედამიწის ზომისაა, არის ჩვენს პლანეტაზე 1,06-ჯერ დიდი და თავის ვარსკვლავიდან იღებს იმ ენერგიის 75 პროცენტს, რასაც დედამიწა მზისგან. ასეთ მახასიათებელთა კომბინაციის გამო, ეს პლანეტა მართლაც განსაკუთრებულია.

„არის სხვა ეგზოპლანეტებიც, რომელთა ზომაც ახლოს არის დედამიწის ზომასთან, მაგალითად, TRAPPIST-1f და ტიგარდენ c. ზოგიერთი კი ჩვენს პლანეტასთან ახლოს არის ტემპერატურის თვალსაზრისით, მაგალითად, TRAPPIST-1d და TOI 700d. თუმცა, ჯერ არ ვიცით სასიცოცხლო ზონაში მდებარე სხვა პლანეტა, რომელიც დედამიწასთან ერთდროულად ამ ორივე მახასიათებლით იქნება ახლოს“, — წერს ნასა განცხადებაში.

კეპლერ-1649c-ს ჰყავს მეზობელი პლანეტაც, სახელად კეპლერ-1649b, რომელიც წითელ ჯუჯა ვარსკვლავსა და კეპლერ-1649c-ს შორის მოძრაობს და შესაბამისად, ზედმეტად ცხელი უნდა იყოს და შესაბამისად, სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის არახელსაყრელი.

კეპლერ-1649c-ის სიცოცხლისუნარიანობის შანსები შესასწავლია. მაგალითად, ასტრონომებმა ჯერ არაფერი იციან მისი ატმოსფეროს, შემადგენლობისა და ჰაერის სისქის შესახებ; ეს ყველაფერი კი ძლიერ არის დაკავშირებული მის ტემპერატურასთან და ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნების უნართან. გარდა ამისა, წითელი ჯუჯა ვარსკვლავებს ახასიათებთ ხშირი, მძლავრი ამოფრქვევები, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას და შესაბამისად, სასიცოცხლო ზონაში მდებარე პლანეტებმა ასეთი ამოფრქვევების გამო შეიძლება ატმოსფერო ძალიან სწრაფად დაკარგონ.

ამავე დროს, წითელი ჯუჯები ვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. ისინი ირმის ნახტომის ვარსკვლავური პოპულაციის დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ადვილი და საკმაოდ მაცდუნებელია წარმოვიდგონოთ, რომ სულ მცირე რამდენიმე წითელ ჯუჯასთან მაინც იყოს პლანეტა დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემოთი.

„რაც უფრო მეტ მონაცემს ვიღებთ, მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი და დედამიწის ზომის პლანეტები ამ ტიპის ვარსკვლავთა გარშემო მრავლად არის. ჩვენს გალაქტიკაში წითელი ჯუჯები თითქმის ყველგანაა და მათ გარშემო მოძრავი ასეთი პატარა, პოტენციურად სასიცოცხლო, კლდოვანი პლანეტები კიდევ უფრო ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე მათგანი მაინც იყოს ჩვენი დედამიწის მსგავსი“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომი ენდრიუ ვანდერბურგი.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და pace.com-ის მიხედვით.