შარშან აღმოჩენილი ეგზოპლანეტა შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — ახალი კვლევა
შარშან აღმოჩენილი ეგზოპლანეტა შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — ახალი კვლევა

დედამიწიდან 124 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთ-ერთი პლანეტა შეიძლება, სიცოცხლით სავსე იყოს.

ამ პლანეტის ზომა ნეპტუნისა და დედამიწის ზომებს შორის მერყეობს. ასტრონომებმა მის მახასიათებლებს ღრმა ანალიზები ჩაუტარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, ის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. აღმოჩენა აფართოებს იმ პლანეტათა დიაპაზონს, რომლებიც ასტრონომებმა მხედველობაში უნდა მიიღონ არამიწიერი სიცოცხლის ძებნისას.

ეს გახლავთ პლანეტა სახელად K2-18b. შეიძლება მისი სახელი ბევრს გეცნოთ, რადგან გასულ წელს მის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობდა, როდესაც მის ატმოსფეროში ასტრონომებმა წყლის ორთქლი აღმოაჩინეს. იმ დროისათვის, ეგზოპლანეტის სიცოცხლისუნარიანობა ცნობილი არ იყო.

გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-18-ს, თანაც სასიცოცხლო ზონის შუაგულში — ანუ ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე, რომ მის ზედაპირზე შესაფერისი ტემპერატურაა უნდა იყოს თხევადი წყლის შესანარჩუნებლად (წყალი არც აორთქლდეს და არც გაიყინოს). თუმცა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელობა მხოლოდ შესაფერის მანძილზე როდია დამოკიდებული; ამის ნათელი მაგალითია მარსი.

ასევე მიგვაჩნია, რომ სიცოცხლსუნარიანობის აუცილებელი წინაპირობაა მყარი ზედაპირი — ისეთი, როგორიც დედამიწას, ვენერასა და მარსს აქვთ. K2-18b-ის ზომა დედამიწისაზე 2,6-ჯერ დიდია, მასა კი 8,6-ჯერ აჭარბებს და სავარაუდოდ, უფრო მინი-ნეპტუნია, ვიდრე კლდოვანი.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომის, ნიკუ მედჰუსუდჰანის განცხადებით, წყლის ორთქლი სხვა პლანეტების ატმოსფეროშიც არის დაფიქსირებული, მათ შორის სასიცოცხლო ზონაში არსებულებზეც, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მათ ზედაპირზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოა.

მისი თქმით, სასიცოცხლო გარემოს არსებობის დასადგენად საჭიროა ვიქონიოთ ერთიანი მიდგომა პლანეტის წიაღისა და ატმოსფერული გარემოს შესახებ, განსაკუთრებით კი გავიგოთ, შეუძლია თუ არა თხევად წყალს არსებობა ატმოსფეროს ქვემოთ.

ახალი ანალიზების მიხედვით, პოტენციურად, სიცოცხლის მხარდაჭერა სასიცოცხლო ზონაში მდებარე მინი-ნეპტუნსაც კი შეუძლია.

პრობლემა ის არის, რომ ასტრონომთა პროგნოზით, სასიცოცხლო ზონის მინი-ნეპტუნები გახვეული უნდა იყვნენ წყალბადის სქელ საბურველში. მის ქვემოთ უნდა იყოს სითხის ოკეანე, მაგრამ ძალიან მაღალი წნევის მქონე, რაც დამოკიდებულია წყალბადის საბურველის სისქეზე. რაც უფრო სქელია ეს გარსი, მით უფრო მკვრივია ოკეანეც. თუ ის ძალიან მკვრივია, იქ სიცოცხლის არსებობა (ყოველ შემთხვევაში, ჩვნთვის ცნობილი ფორმის) შეუძლებელი უნდა იყოს.

მედჰუსუდჰანმა და მისმა ჯგუფმა K2-18b-ის დეტალური კვლევა გადაწყვიტა, რათა დაკვირვებათა საფუძველზე გაერკვია, იყო თუ არა ამ პლანეტის ოკეანის წნევის დონე სიცოცხლისათვის არახელსაყრელი.

ატმოსფეროს შემადგენლობისა და სტრუქტურის შესაფასებლად, მათ გამოიყენეს პლანეტაზე ჩატარებული დაკვირვებებისას შეგროვებული მონაცემები მისი ატმოსფერული მახასიათებლების, ზომისა და მასის შესახებ. ამის შემდეგ, მიღებული მონაცემები დაუპირისპირეს ეგზოპლანეტის წიაღის სტრუქტურისა და თერმოდინამიკურ მახასიათებლებს, რისთვისაც ციფრული მოდელირებისა და სტატისტიკური მეთოდები გამოიყენეს.

აღმოჩნდა, რომ ატმოსფერო მდიდარი უნდა იყოს წყალბადით, იქ ასევე უნდა იყოს 0,02-14,8 პროცენტი წყალი (დედამიწის ატმოსფეროში წყლის წილი 0-5 პროცენტამდეა). მცირე ოდენობით უნდა შეიცავდეს მეთანსა და ამიაკსაც, რომელთა წარმოქმნაც შესაძლებელია როგორც ბიოლოგიური, ისე არაბიოლოგიური პროცესებით. მკვლევართა აზრით, ამ ეტაპზე არც ერთი ამ ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება.

ამის შემდეგ, მიღებული ინფორმაცია ფართო დიაპაზონის პლანეტურ მოდელებს მოარგეს, რათა გაერკვიათ, რომელი მონაცემები ემთხვეოდა მათ ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ პლანეტაზე დაკვირვებათა შედეგად მიღებულ მახასიათებლებს ყველაზე კარგად ხსნიდა პლანეტის მთლიანი მასის მაქსიმუმ 6 პროცენტი წყალბადის არსებობა პლანეტის ატმოსფეროში. Მოდელთა უმეტესობამ გაცილებით ნაკლები წყალბადის შესახებ მიუთითა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომის, მეთიუ ნიქსონის განცხადებით, მათ სურდათ გაერკვიათ წყალბადის საბურველის სისქე, ანუ რამდენად ღრმად ვრცელდებოდა ის. მიუხედავად მრავალი შესაძლო პასუხისა, უმეტესმა მოდელმა აჩვენა, რომ არც ისე ბევრი წყალბადია საჭირო დაკვირვებებით შემჩნეულ მახასიათებელთა ასახსნელად.

წყალბადის მინიმალური ოდენობა პლანეტის მასის დაახლოებით მემილიონედი აღმოჩნდა, დაახლოებით იგივე პროპორცია აქვს დედამიწასაც. ზოგიერთმა სცენარმა კი აჩვენა, რომ თხევადი ოკეანის წნევა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი უნდა იყოს.

ეს არ გახლავთ დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ K2-18b ნამდვილად არის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, მაგრამ იმას კი ნამდვილად მიუთითებს, რომ ასეთ პლანეტებს სასიცოცხლო პოტენციალი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასიცოცხლო პლანეტების ძებნისას მხოლოდ კლდოვან პლანეტებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ.

მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ მიღებულ შედეგებს საბოლოოდ დაადასტურებს ან უარყოფს სამომავლო დაკვირვებები, მაგალითად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.