მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება — მიზეზი ჯერ უცნობია #1tvმეცნიერება
მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება — მიზეზი ჯერ უცნობია #1tvმეცნიერება

მზე ჩვენი მარადიული თანამგზავრია. ის საათივით ზუსტია და მისი ხილული გზა ცაზე, დროის გაზომვის საშუალებას გვაძლევს.

მზე და მისი გზა დედამიწის სეზონების წყაროც არის. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენი მზე სულაც არაა მშვიდი და უცვლელი.

ახლოდან თუ დააკვირდებით, მზეზე დიდი ცვალებადობა და აქტივობები მიმდინარეობს. კაშკაშა აფეთქებები, რომლებსაც ანთებებს უწოდებენ, რეგულარულად იწვევს უზარმაზარი რადიაციის გამოყოფას. პერიოდულად ჩნდება, მოძრაობს, იცვლება და ქრება ბნელი, ცივი რეგიონები, რომლებსაც მზის ლაქებს უწოდებენ. მძლავრი ამოფრქვევების შედეგად, მზე კოსმოსში ასევე ისვრის მატერიას; ამ პროცესს მზის ნაწილაკების მოვლენას (იგივე მზის რადიაციული შტორმი) უწოდებენ.

მზის აქტივობა დროთა განმავლობაში იცვლება. ის პიკს ყოველ 11 წელიწადში ერთხელ აღწევს; შემდეგი ასეთი პიკი 2025 წლისთვის იყო პროგნოზირებული.

თუმცა, ახლა ისე ჩანს, რომ მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე უფრო მალე დადგება. ამ მიგნებამ შეიძლება ჩვენი დედავარსკვლავის უკეთესად შესწავლის საშუალება მოგვცეს.

მზის აქტივობა გავლენას ახდენს დედამიწაზე და ჩვენს ტექნოლოგიებზე. მზის ნაწილაკთა მოვლენებს შეუძლია დააზიანოს თანამგზავრები და ელექტროსისტემები. მზის აქტივობას, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ახდენს გავლენას, ხშირად „კოსმოსურ ამინდს“ უწოდებენ.

იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროგნოზირება და მომზადება შეგვიძლია, საჭიროა წესების კარგი კრებული — სამეცნიერო მოდელი. NASA და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამ მოდელებს მრავალი წელია ქმნიან.

მზის აქტივობის პროგნოზისთვის, მათ ერთმანეთს სხვადასხვა მეთოდები შეურწყეს. ამ მიდგომით დადგინდა, რომ მზის შემდეგი მაქსიმუმი (პიკი) 2025 წლის ივლისში დადგება. ამავე პროგნოზით, პიკი შედარებით სუსტი უნდა იყოს, წინა ციკლის პიკის მსგავსად, რომელიც 2014 წლის აპრილში დადგა.

თუმცა, ჯგუფმა, რომელსაც NASA-ს და NOAA-ს მეცნიერები, რობერტ ლიმონი და სკოტ მაკინტოში ხელმძღვანელობდნენ, ალტერნატიული პროგნოზი გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პიკი ერთი წლით ადრე დადგება, 2024 წლის შუაში და მზის ლაქები პროგნოზირებულზე ორჯერ მეტი იქნება. მზის ამჟამინდელი დაკვირვებები სწორედ ამ ალტერნატიულ პროგნოზს უჭერს მხარს.

საინტერესო ის არის, რომ პროგნოზირების მრავალი მოდელი ეფუძნება ციკლის ხანგრძლივობის განრიგს, რომელსაც მზის აქტივობის მინიმუმით ზომავენ. ლიმონი და მაკინტოში უფრო ღრმად წავიდნენ მზის ნამდვილ ლაქებსა და მათ მაგნიტურ მახასიათებლებში.

როდესაც მზის ციკლი მთავრდება, ეს მყისიერად არ ხდება. ეს გახლავთ ნელი გადასვლა მდგომარეობაში, რომელშიც უფრო ნაკლები მზის ლაქა ჩნდება ძველ ციკლთან დაკავშირებული მაგნიტური მახასიათებლებით და უფრო ბევრი ახალ ციკლთან დაკავშირებული მახასიათებლებით.

ახალი პროგნოზი იყენებს ტერმინატორს — დროს, როდესაც ძველი ციკლის უკანასკნელი ლაქაც მიილევა, რაც მზის ციკლის დასასრულზე მიუთითებს. ამან შეიძლება განაპირობოს ციკლის ხანგრძლივობის სხვადასხვა დრო. მაგალითად, ბოლო მინიმუმი 2019 წლის დეკემბერში იყო, მაგრამ ტერმინატორი სინამდვილეში 2021 წლის დეკემბერში მოხდა. ამის შემდეგ, წინა ციკლის ხანგრძლივობაზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა შექმნა პროგნოზები იმის შესახებ, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს მომავალი ციკლი.

საინტერესოა, რას ნიშნავს ჩვენთვის მზის გაზრდილი აქტივობა, რადგან ციკლი მალე მიაღწევს პიკს?

ვინაიდან მზე ანთებებისა და სხვა მოვლენებისას, როდესაც მატერია კოსმოსში იტყორცნება, დიდი ოდენობით ენერგიას გამოყოფს, არის შანსი, რომ ზოგიერთი მათგანი დედამიწას მოხვდეს, თუ იმ დროს პლანეტა შესაბამის ადგილას აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დედამიწას საკუთარი მაგნიტური ფარი აქვს, რომელიც ჩვენ ამისგან გვიცავს.

როდესაც მზის ნაწილაკები და მაგნიტური ველები ჩვენამდე აღწევს, პირველ რიგში ურთიერთქმედებენ დედამიწის მაგნიტურ ველთან, რომელიც მათ ამ ველის მიერ მიერ ნაკარნახევი გზის გაყოლას აიძულებს. შედეგად, ისინი გარკვეულწილად კავდება და დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევენ.

 მზის მაქსიმუმი

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მაგნიტური „ფარი“ გარკვეულწილად გვიცავს, მზის აქტივობა მაინც ახდენს გავლენას ჩვენზე. ამის მაგალითია პოლარული ციალი. ის მაშინ ხდება, როდესაც მზის ნაწილაკები ატმოსფეროს ზედა ნაწილს აღწევს და იქ ატომებს „აღაგზნებენ“, რაც მათ მაღალენერგიულ მდგომარეობაში გადასვლას იწვევს. როდესაც ატომები დუნდება, გამოყოფენ სხვადასხვა ფერს, მაგალითად, წითელს, მწვანესა და ცისფერს.

მზის აქტივობამ შეიძლება ენერგიის აზვირთება გამოიწვიოს ელექტროსისტემის გრძელ გადამცემ ხაზებში. ასეთი რამ მოხდა 1989 წელს, კანადის კვებეკის პროვინციაში.

სხვა ეფექტებს შორისაა ატმოსფეროს ზედა ნაწილში ნაწილაკთა სიმკვრივის ცვლილება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მცირე ხარვეზები GPS-ზე მომუშავე მოწყობილობებში. ასევე შეიძლება ოდნავ მეტად გათბეს გარე ატმოსფერო, რის გამოც, ის კოსმოსში უფრო შორს განივრცობა. ეს კი ზრდის ატმოსფეროს სისქეს დაბალ ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრთათვის.

შედეგად, მათ შეიძლება სიმაღლე დაკარგონ და ზოგჯერ, დაიწვან კიდეც. ასეთი რამ შეემთხვა 2022 წლის თებერვალში SpaceX-ის მიერ გაშვებულ StarLink-ის თანამგზავრებს.

როდესაც მზის აქტივობა ძლიერდება, უფრო მეტია შანსი, რომ მზის შტორმმა დაგვარტყას და პრობლემები შეუქმნას ელექტროსისტემასა და თანამგზავრებს. ამ დროს, საჭიროა თანამგზავრების ე. წ. უსაფრთხო რეჟიმზე გადართვა, რომელშიც მრავალი სისტემა გათიშულია.

ჩვენი საზოგადოება სულ უფრო დამოკიდებული ხდება ელექტრულ ინფრასტრუქტურაზე. ტექნოლოგიებს უკვე კოსმოსშიც ვავითარებთ და ისინი შეიძლება მოწყვლადი აღმოჩნდეს, თუკი სათანადო მონიტორინგს არ გავუწევთ კოსმოსურ ამინდს და მის წყაროს, მზეს. თუ გვეცოდინება, რა გველოდება, მომზადებაც შეგვეძლება.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.