მწეველები ოთახის ჰაერს მაშინაც კი აბინძურებენ, თუ გარეთ ეწევიან - ახალი კვლევა
მწეველები ოთახის ჰაერს მაშინაც კი აბინძურებენ, თუ გარეთ ეწევიან - ახალი კვლევა

მიუხედავად იმისა, რომ მწეველებს მოსაწევად გარეთ გასვლას ვაიძულებთ, რათა სხვების ფილტვები კანცეროგენებისგან დავიცვათ, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ მათი კვამლისგან მთლიანად გაქცევა არც ისე ადვილია.

ნათელი ხდება, რომ ქსოვილებსა და სხვა ნივთების ზედაპირებზე ჩაჭედილი თამბაქოს კვამლის ნაწილაკები მავნე მოქმედებას აგრძელებენ. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მათ ადვილად შეუძლიათ კვლავ ჰაერში გამოსვლა და იმ ზონაში ფარფატი, რომელიც კვამლისგან თავისუფალი გვგონია.

აშშ-ის დრექსელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა უნივერსიტეტის იმ აუდიტორიის ჰაერს, რომელშიც მოწევა აკრძალული იყო.


თუმცა, ის თამბაქოსგან არც ისე თავისუფალი აღმოჩნდა. მკვლევრებმა აუდიტორიაში აღმოაჩინეს ნაერთები, რომლებიც სიგარეტის კვამლის ხელწერას ატარებდა.

თამბაქოს აეროზოლების ერთ ახლომდებარე წერტილს წარმოადგენდა 20 მეტრის მოშორებით მდებარე აივანი, სადაც მწეველებს სწრაფად მოწევის უფლება ჰქონდათ.

კიდევ ერთი პოტენციური წყაროს ახლოს იყო ოფისი, რომელიც ჰაერის კონდიცირების იმავე სისტემას იყენებდა.

ჯგუფმა აუდიტორიის ჰაერი გაფილტრა და სუბმიკრომეტრული ზომის ნაწილაკებად გაცრა.

ამ ნივთიერებათა საერთო მასის დაახლოებით მესამედი ატარებდა ქიმიურ ხელწერას, რომელიც როგორც გაირკვა, წარმოადგენდა ე. წ. მესამე მხარის სიგარეტის კვამლს (third-hand smoke). ეს გახლავთ თამბაქოს დაწვის შედეგად წარმოქმნილი ნაერთები, რომლებიც რაიმე ზედაპირს ეკრობა.

კიდევ ერთი ტესტისას, ჯგუფმა Pyrex-ის კონტეინერი თამბაქოს კვამლით აავსო, შემდეგ კი დაცალა.

ერთი დღის შემდეგ, კონტეინერიდან მათ ჰაერი კვლავ ამოიღეს და შენიშნეს, რომ ეს ნაერთები 13 პროცენტით იყო გაზრდილი. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ კონტეინერი თამბაქოს კვამლისგან გაათავისუფლეს, მის კედლებზე მიკრული თამბაქოს კვამლის ნაწილაკები ჰაერში კვლავ გავრცელდა.

ატმოსფეროს მეცნიერის, პიტერ დე კარლოს განცხადებით, ის ფაქტი, რომ თამბაქოს კვამლის ნაწილაკები ეკვრის მწეველის ტანსაცმელსა თუ ნივთებს, ნიშნავს იმას, რომ მესამე მხარის კვამლთან დაკავშირებული ტოქსიკური ქიმიური ნაერთები გვხვდება სწორედ იქ, სადაც სულ არ ველოდებით.

მეორე მხარის კვამლის გადაცემა ზედაპირზე წყლის ციცქნა ნაწილაკების სახით, მიუთითებს ჯაჭვზე, რომელსაც შეუძლია ქიმიური ნაერთები საკმაოდ შორს წაიღოს.

„აღმოვაჩინეთ მესამე მხარის კვამლის გავრცელების ახალი გზა, აეროზოლთა ნაწილაკების საშუალებით, რომლებიც, როგორც წესი, საყოველთაოდ არის გავრცელებული დახურულ სივრცეებში“, — აცხადებს მკვლევარი დე კარლო.

გარდა ამისა, ეს ციცქნა წვეთები, რომლებიც აირთა მოლეკულებს იტაცებენ, ყოველთვის არსებობს, მიუხედავად სეზონისა. შესაბამისად, ზოგიერთი სეზონი შესაძლოა, სუნთქვისთვის გაცილებით საზიანო იყოს მესამე მხარის თამბაქოს კვამლის თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, რამდენად მომწამვლელია ეს მოფარფატე ნაწილაკები.

2017 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტანსაცმელში ჩაჭედილ მესამე მხარის თამბაქოს კვამლს უარყოფითი ეფექტი ჰქონდა ლაბორატორიის თაგვებზე. როგორი ეფექტი ექნება მას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჯერჯერობით უცნობია.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია drexel.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით