მონტენეგროში დღეიდან დახურულ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფეებში მოწევა აიკრძალა
მონტენეგროში დღეიდან დახურულ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფეებში მოწევა აიკრძალა

მონტენეგროში დღეიდან დახურულ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფეებში მოწევა აიკრძალა. კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ახალი კანონით გაუქმდა ძველი სამართლებრივი ნორმები, რომელთა მიხედვითაც დაწესებულების მეპატრონეს რესტორანში დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ, მწეველთა დარბაზის გამოყოფა შეეძლო. დღეიდან რესტორნებსა და კაფეებში მოწევა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ, იზოლირებულ ოთახში იქნება შესაძლებელი, რომელიც არ უნდა იყოს 10 კვადრატულ მეტრზე ნაკლები და ამავე დროს მთელი დაწესებულების 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მონტენეგროს ეროვნული მაუწყებლის ცნობით, კანონი არ გავრცელდება სამორინეებზე, რომლებიც დამატებით გადასახადებს გადაიხდიან და სავენტილაციო სისტემას გააძლიერებენ.

დახურულ საზოგადოებრივ დაწესებულებებში მოწევის აკრძალვის შესახებ კანონი მონტენეგროს პარლამენტმა 31 ივლისს ერთხმად დაამტკიცა. კანონის შემუშავება ქვეყანაში ონკოდაავადებების მაღალი სტატისტიკით იყო განპირობებული. როგორც მონტენეგროს ჯანდაცვის მინისტრმა კენან ჰრაპოვიჩმა განაცხადა, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 622 ათასს შეადგენს, ყოველწლიურად ფილტვების სიმსივნის დიაგნოზს 400 ადამიანს უსვამენ.