დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ჩაბუქის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას მოითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ საქართველოს მთავარ პროკურატურას დღეს წერილობით მიმართეს.
ადვოკატები მოთხოვნის მიზეზად ემრე ჩაბუქის გატაცებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ასახელებენ.
“არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ ვითხოვთ ჩაბუქი, მისი ოჯახის წევრების მსგავსად, ჩართული იყოს დაცვის სპეციალურ პროგრამაში, რათა დაცული იქნას მისი სიცოცხლე. შიშობს, რომ არსებობს მასზე თავდასხმის ასევე, გატაცების საფრთხე. მისი სიცოცხლე არ არის დაცული და აქედან გამომდინარე, მივმართავთ მთავარ პროკურორს“, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
როგორც ჩაბუქმა აღნიშნა, მისი დაპატიმრების შემდეგ, მისი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები განხორციელდა.
“მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ისინი და ჩართეს სახელმწიფო დაცვის პროგრამაში. დღეს კი, მიუხედავად, ჩემი გათავისუფლებისა, კვლავ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა საფრთხე არსებობს, ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავ. ამიტომ, ვთხოვ შესაბამის სამსახურს, ჩემს ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით, მეც ჩამრთონ დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“, – განაცხადა ჩაბუქმა.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 თებერვალს 1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა კი, სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.