სოზარ სუბარი - თურქული მხარისგან მივიღეთ გარანტია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქი მოხდება დაწესებულებაში, სადაც არ ემუქრება წამება
სოზარ სუბარი - თურქული მხარისგან მივიღეთ გარანტია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქი მოხდება დაწესებულებაში, სადაც არ ემუქრება წამება

ჩვენთვის მყარი გარანტიაა თურქეთის სახელმწიფოს დიპლომატიური გარანტია, რომ  თუ მოხდება ჩაბუქის ექსტრადირება, ის მოთავსდება დაწესებულებაში, სადაც მას არ ემუქრება წამება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთისგან ქართულმა მხარემ ასევე მიიღო გარანტია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქი მოთავსდება ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტანდარტების შესატყვისი.

სოზარ სუბარის განცხადებით, გარდა ამისა, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს, საქართველოს საკონსულოს ექნება ჩაბუქის პერიოდულად მონახულების შესაძლებლობა.

„ეს არის ჩვენთვის მყარი გარანტია, რომ შეიძლება, ზოგადად გარკვეული პრობლემები არსებობდეს თურქეთის ციხეებში, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, ეს არ მოხდება. ეს გარანტია არის ძალიან სერიოზული ჩვენთვის და ყურადსაღები და გავიმეორებ – ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმას,  იმსახურებს თუ არა ლტოლვილის სტატუსს ჩაბუქი. ასევე იმას,  მის მიმართ თურქეთის სახელმწიფოში სისხლის სამართლებრივი დევნა არის კანონიდან გამომდინარე თუ ირღვევა და პოლიტიკური დევნის ნიშნებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ არის ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქცია.

სოზარ სუბარის განმარტებით, სამინისტროს ფუნქციაა, განვიხილოთ არის თუ არა მის მიმართ დევნა ლტოლვილთა შესახებ გაერო-ს კონვენციით გათვალისწინებულ ჩარჩოში.

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს ასე არ არის. შესაბამისად, სტატუსი არ მივანიჭეთ, თუმცა ეს არ გულისხმობს მის ექსტრადიციას. რაც შეეხება წამებას, ჯერ უნდა მოხდეს ექსტრადირება და ესეც არ არის ჩვენი სამინისტროს საქმე. ამაზე არც დაწყებულა მსჯელობა და მას შემდეგ დაიწყება, რაც დამთავრდება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით განხილვები. ყოველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შეხედულებები“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება წამებას თურქეთის ციხეებში, მინისტრის თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობდა, რომ თურქეთში, 2016 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ იყო სერიოზული დარღვევები ადამიანის უფლებების კუთხით და მათ შორის წამების ფაქტებიც.

„თუმცა 2016 წლის ბოლოს ეს ანგარიშები შეიცვალა და ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, როგორიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ინგლისის სახელმწიფო ანგარიში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ 2016 წლის ბოლოდან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამ მხრივ ის საგანგაშო ვითარება აღარ არის. ცხადია, რომ აქ არიან საერთაშორისო არასამთავრობოები, რომლებიც კრიტიკული რჩებიან. თუმცა, არანაირი საფუძველი არ გვაქს, არ ვენდოთ თუნდაც გაერო-ს საკითხებში სპეციალურ მომხსენებელს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  დღეს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის მაისში დააკავეს.

დაკავების მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკავებულის ოჯახმა და ადვოკატმა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართეს, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.