თუბა ჩაბუქი - ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემი მეუღლის  უდანაშაულობის დასამტკიცებლად
თუბა ჩაბუქი - ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემი მეუღლის უდანაშაულობის დასამტკიცებლად

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის ძალაში დატოვებაზე, ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი ეხმაურება.

მისი თქმით, გააგრძელებს ბრძოლას მეუღლის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

„არ მიკვირს სასამართლოს გადაწყვეტილება. დემოკრატიული სასამართლო რომ ყოფილიყო, ჩემი მეუღლე დღეს თავისუფალი იქნებოდა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემი მეუღლის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. თუ ჩემი მეუღლის ექსტრადირება მოხდება, თურქეთში წასვლა მომიწევს, მე კი საქართველოში უფრო უსაფრთხოდ ვარ“, – განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  დღეს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის მაისში დააკავეს.

დაკავების მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკავებულის ოჯახმა და ადვოკატმა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართეს, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.