მუნიციპალიტეტის პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც შეეძლებათ
მუნიციპალიტეტის პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც შეეძლებათ

მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ტექნიკური ზედამხედველობის უფლება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც ექნებათ.

შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები ზაზა გაბუნია, გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე და მერაბ ქვარაია არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, ინსპექტირება-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლება მხოლოდ იმ დამოუკიდებელ ორგანოებს აქვთ, რომლებიც „მეწარმეთა შესახებ“ კანონით არიან რეგისტრირებული.

„ამ შეზღუდული წრის გაფართოება მიზანშეწონილია, რადგან ინსპექტირებას შესაძლოა, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებდეს, რომელიც შექმნილი არ არის მოგების მისაღებად და მეწარმე სუბიექტი არ არის. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, რომელიც დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ახორციელებს – საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები), ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) და ასფალტის, ბეტონის და ქვაფენილის საფარიანი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკურ ზედამხედველობას. მნიშვნელოვანია, აღნიშნული ფუნქცია მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის შენარჩუნდეს, რადგან მათ ძირითად საქმიანობას სწორედ ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს“, – ნათქვამია კანონპროექტში და ასევე მითითებულია, რომ ამ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება და სათანადო კვალიფიკაცია აქვთ.