მთვარეზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე აქამდე გვეგონა - ახალი კვლევა
16:25, 16.04.2019
ბევრ ჩვენგანს მთვარე მშრალ, მტვრიანი ადგილად წარმოგვიდგენია, მაგრამ წლების განმავლობაში კვლევისას მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე საკმაოდ ბევრი წყალია — ძირითადად ვულკანურ დეპოზიტებში, გაყინულ პოლუსებში, მისი კრატერების მუდმივ ჩრდილებში.
თუმცა როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ოდენობის წყალი სხვაგანაც იმალება — ქანების ქვედა ფენებში, ზედაპირიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეში.
იქ წყლის არსებობის მინიშნებები ადრეც გვქონდა. 1999 წელს გადაფრენისას, მთვარეზე წყლის ნიშნები ხომალდმა „კასინიმ“ შენიშნა. 2009 წელს გადაფრენისას წყალი ასევე დააფიქსირა ნასას ხომალდმა „დიფ იმპაქტმა“, ისევე როგორც ინდოეთის მთვარის ზონდმა „ჩანდრაიაან-1-მა“. თუმცა, უცნობი რჩებოდა ამ წყლის წყარო. მეცნიერთა აზრით, ის იქ ან მზის ქარების მიერ იყო დალექილი ან მეტეოროიდების მიერ მიტანილი.
სერიოზულად არავინ განიხილავდა, რომ წყალი მთვარეზე შეიძლება, სულ ყოფილიყო, მაგრამ ახალი კვლევა სწორედ ამაზე მიუთითებს.
2013-2014 წლებში, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს გარს უვლიდა ნასას მთვარის ატმოსფეროსა და მტვრის გარემოს მკვლევარი ხომალდი (LADEE). მთვარის ძალიან თხელი ატმოსფეროს შესახებ მონაცემებს ის ნეიტრალური მასის სპექტრომეტრით (NMS) აგროვებდა. ხომალდმა წყალი 736 შემთხვევაში დააფიქსირა.
გაირკვა, რომ წყლის ოდენობა განსაკუთრებით იმატებდა მეტეოროიდთა ნაკადის დროს, როცა მთვარის ზედაპირზე ციცქნა ნამსხვრევები ცვიოდა. შეიცავს თუ არა მეტეოროიდები წყალს?
დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, არა იმ ოდენობით, რომ მთვარის ატმოსფეროში ამდენი წყალი მიეტანათ.
მკვლევართა განცხადებით, ანალიზებმა აჩვენა, რომ დარტყმების დროს გამოიყოფა თავად დამრტყმელი სხეულის მასაზე 5,4-12,8-ჯერ მეტი წყალი. მათი აზრით, ყველაზე დიდი ალბათობით ამ დროს გამოიყოფა რეგოლითი ქვიშის მიერ შეწოვილი წყალი.
გამოყოფილი წყლის ანალიზის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ მთვარის რეგოლითი ქანების ზედა რვა სანტიმეტრი წარმოუდგენლად მშრალია.
თუმცა, უფრო ღრმად, სულ მცირე სამ მეტრზე წყალი ერთფეროვნად არის გადანაწილებული, დაახლოებით 0,05 პროცენტიანი კონცენტრაციით. დედამიწაზე ეს გახლავთ მუდმივი ჭკნობის წერტილის ქვედა დაბოლოება, რომელიც საკმაოდ მშრალია.
მკვლევრებმა ასევე გამოიანგარიშეს, წელიწადში რა ოდენობის წყალს კარგავს მთვარე ასეთი დარტყმების შედეგად; რიცხვი შთამბეჭდავია — 200 ტონა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთვარეს ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის ჰქონდა საკმაოდ ბევრი წყალი.
მკვლევართა განცხადებით, მთვარეს და განსაკუთრებით მის მუდმივად ჩაბნელებულ რეგიონებს წყლის კარგვის რეჟიმი ახასიათებთ. დანაკარგების ამ მაჩვენებლის შესანარჩუნებლად გეოლოგიური დროის მანძილზე, საჭიროა, რომ წყალი იქ ძალიან დიდი ხნის წინ მოხვედრილიყო ანდაც საერთოდ, მთვარის დაბადებიდანვე იყოს.