მთვარეზე აღმოჩენილ წყალს საოცრად მაღალი ხარისხი აქვს
მთვარეზე აღმოჩენილ წყალს საოცრად მაღალი ხარისხი აქვს

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა მთვარის ზედაპირქვეშ დამალული დიდი ოდენობით წყალი აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ, კოლორადოს კოსმოსის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრებმა იპოვეს მტკიცებულება, რომ ეს წყალი მთელი მთვარის მასშტაბით არის გავრცელებული და წარმოდგენილია ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის როგორც ნათელ, ისე ბნელ მხარეს.

თუმცა, ისინი ამავე დროს აღნიშნავენ, რომ წყალი ძირითადად წარმოდგენილია OH-ის ფორმით (ჰიდროქსილის რადიკალი მოლეკულა H2O-ს ნაცვლად) და ამის გამო, შესაძლოა, ადვილად მისაწვდომი არ იყოს.


ეს აღმოჩენა მკვლევრებს დაეხმარება უკეთესად განსაზღვრონ მთვარის წყლის წარმოშობა და მისი გადანაწილება. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება მთვარის სამომავლო მისიებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სააგენტო თუ კომპანია იკვლევს მთვარეზე მოგზაურობისა და ბაზის დაფუძნების შესაძლებლობას. შესაბამისად, პოტენციურად შესაძლებელია ამ წყლის გამოყენება სასმელად და რაკეტების საწვავად, თუკი მას წყალბადად და ჟანგბადად დავშლით.

აღმოჩენა რადიკალურად ეწინააღმდეგება მთვარეზე წყლის არსებობის ჩვენს ადრეულ გაგებას.

წარსულში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ წყალი მთვარეზე ძირითადად პოლუსების ირგვლივ იყო. გარდა ამისა, წყლის სიგნალი, რომელსაც ისინი აკვირდებოდნენ, იცვლებოდა მთვარის დღისა და ღამის განმავლობაში, რამაც აფიქრებინა, რომ იქ წყალი მოძრაობდა.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ საკამათოა მთვარეზე არსებული წყლის მდებარეობისა და ქცევის საკითხი, რადგან საკმაოდ სათუთია ის ინფრაწითელი ინსტრუმენტები, რომელთა დაკვირვების საფუძველზეც აღმოჩენა გაკეთდა.

გარდა იმისა, რომ ეს აღმოჩენა გააფართოებს ადამიანთა ცოდნას და დამატებით შესაძლებლობებს მისცემს მთვარის ასათვისებლად, მეცნიერებს ასევე მნიშვნელოვან ცნობებს მიაწვდის სხვა კლდოვან კოსმოსურ სხეულებზე წყლის არსებობის შესახებ.

ბოლო წლებში მეცნიერება აქტიურად იკვლევს შორეულ ეგზოპლანეტებს, მაგრამ ურთულესია კონკრეტულად მათი ზედაპირის გარემოზე დაკვირვება. თუმცა, ამ კვლევის დროს გამოყენებული დისტანციური ზონდირების ინსტრუმენტები შესაძლოა, ეგზოპლანეტათა კვლევაშიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს.

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით