ისტორიაში რამდენიმე მილიარდი წლით უკან გახედვა ადვილი არ არის და შესაბამისად, ახალი აღმოჩენები გამუდმებით გვაიძულებენ, რომ გადავხედოთ ამჟამინდელ წარმოდგენას მთვარის წარმოქმნის შესახებ. ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი იმაზე გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე აქამდე გვეგონა — დაახლოებით 85 მილიონი წლით ახალგაზრდა.
მკვლევართა განცხადებით, აპოლოს მისიების მიერ შეგროვებული მთვარის ქანები საკმარისად ძველი არ არის, რათა მთვარის ასაკად გადაჭრით მივიჩნიოთ ზოგადად მიღებული რიცხვი — 4,51 მილიარდი წელი. თუმცა, ამის გამოთვლა შესაძლებელია ისტორიაში უკან გახედვით ჩვენი ციური მეზობლის ძალიან პირველი ნაბიჯების გარკვევით.
ამჟამად ზოგადად მიღებული ჰიპოთეზის მიხედვით, მთვარე წარმოიქმნა დედამიწისა და მომცრო პლანეტის, სახელად თეიას შეჯახების შედეგად გაფანტული ნარჩენებისგან, რა დროსაც კოსმოსში გაიტყორცნა გამდნარი ქანები, რომლებიც თანდათან გაცივდა, გამყარდა და შეერთდა დედამიწის გარშემო მოძრავ ერთ მთლიან სხეულად.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთვარის შემადგენელი ქანები დედამიწისეულია და დახვეწილი მოდელირებით შესაძლებელია გამოვიყენოთ მისი დათარიღებისთვის. ახალი კვლევა მიუთითებს, რომ მთვარე მაშინ წარმოიქმნა, როდესაც დედამიწა თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებული იყო.
„ჩვენი უახლესი მოდელირების შედეგები გვთავაზობს, რომ მზის სისტემის დაბადებიდან (მზის სისტემა დაიბადა 4,567 მილიარდი წლის წინ) 140 მილიონი წლის შემდეგ, ახალგაზრდა დედამიწას შეეჯახა პროტოპლანეტა. კალკულაციების მიხედვით, ეს მოვლენა მოხდა 4,425 მილიონი წლის წინ, 25-მილიონი წლით ცდომილების ალბათობით, რის შედეგადაც დაიბადა მთვარე“, — ამბობს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის გეოფიზიკოსი მაქსიმ მორისი.
მორისისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული მოდელები მიმართული იყო დროის ორ მონაკვეთში — რა ასაკისა იყო დედამიწა, როდესაც მას თეია დაეჯახა და რა დრო დასჭირდა მთვარის მაგმის მასიურ ოკეანეს გაციებისთვის მას შემდეგ, რაც მან გამყარება დაიწყო.
როგორც მოდელებმა აჩვენა, მეორე პროცესს დაწყებიდან დასრულებამდე დაახლოებით 200 მილიონი წელიწადი დასჭირდა. დროთა განმავლობაში მთვარის სილიკატი მინერალების ჩამოყალიბებაზე დაფუძნებულმა სიმულაციებმა კი მკვლევრებს შესთავაზა კონკრეტული რიცხვი — მთვარის ასაკი 4,425 მილიონი წელია.
ახალი ანალიზების დეტალურობის დონე საკმაოდ სერიოზულია და აჩვენებს, თუ რამდენი ფაქტორია მხედველებაში მისაღები — მაგალითად, როგორ შეიძლება ემოქმედა გაციებაზე მთვარის ზედაპირზე არსებულ ნახვრეტებს და რა სიღრმის იყო მაგმის თავდაპირველი ოკეანე.
„მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შევადარეთ მთვარის ქანების შემადგენლობა და ჩვენი მოდელის მიერ პროგნოზირებული მაგმის ოკეანის შემადგენლობა, შევძელით, ამ ოკეანის ევოლუციას საწყის წერტილამდე მივყოლოდით, იმ დრომდე, როდესაც მთვარე წარმოიქმნა“, — ამბობს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის გეოფიზიკოსი საბრინა შვინგერი.
მთვარის დათარიღება დიდწილად ჭკვიანურ გათვლებზეა დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში ალბათ კიდევ ბევრს მოვისმენთ მისი ასაკის შესახებ. სამომავლო პილოტირებული მისიები მთვარის ქანების კიდევ უფრო მეტ ნიმუშს შეაგროვებენ, რაც ალბათ საბოლოოდ შეავსებს ჩვენს ამჟამინდელ ცოდნაში არსებულ სიცარიელეებს.
მთვარის ასაკის შესახებ ბოლო პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა. სამი წლის წინ, ერთ-ერთმა კვლევამ მთვარის ასაკი საყოველთაოდ მიჩნეულზე 140 მილიონი წლით უკან გადასწია, მომდევნო კვლევამ კი ივარაუდა, რომ მთვარე ამაზე კიდევ უფრო ხნიერია.
ასეთი სხვაობები უზარმაზარი ჩანს იმ დროსთან შედარებით, რასაც ჩვენ ვცოცხლობთ, მაგრამ ეს შესწორებები საკმაოდ მცირეა მზის სისტემის ისტორიის დიდ სქემაში და ეჭვგარეშეა, ჩვენი წარმოდგენების დახვეწასთან ერთად, კიდევ უფრო მეტ ასეთ შესწორებას უნდა ველოდოთ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი შეფასება უფრო ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მეცნიერთა შეხედულებით, წარმოიქმნა დედამიწის ლითონური ბირთვი, ჩვენი პლანეტოს გეოლოგიური განვითარების შედარებით გვიანდელ ეტაპზე. გარდა ამისა, ასევე ემთხვევა ასტეროიდთა მიერ მოყენებული ზიანის შესახებ ერთ-ერთი წინა კვლევის მიერ შემოთავაზებულ ქრონოლოგიას; ეს ასტეროიდები კი დედამიწა-თეიას შეჯახების შედეგი უნდა ყოფილიყო.
„ამ ცალკეულ შეფასებათა შერწყმა უზრუნველყოფს ზუსტ ასაკს არა მხოლოდ მთვარის წარმომქმნელი შეჯახებისთვის, არამედ თანმიმდევრულად აკავშირებს ამ მოვლენას დედამიწის დიფერენციაციასტან და მზის სისტემის შიდა ნაწილის დინამიკურ ევოლუციასთან“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია dlr.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.