რაც გსურთ ის უწოდეთ — ლურჯი წითელი მთვარე, მეწამული მთვარე, სისხლისფერი მთვარე, მაგრამ ფაქტი ერთია — 31 იანვარს, მთვარე ჩვენ წინაშე სრულიად სხვანაირი წარსდგება.
ამ ღამეს, ერთდროულად მოხდება სამი სხვადასხვა ციური მოვლენა, რაც იმით დასრულდება, რასაც ზოგიერთი სუპერ ლურჯი სისხლისფერი მთვარის დაბნელებას უწოდებს. ეს უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა ბოლოს 150 წლის წინ მოხდა.
სუპერმთვარე — ისეთი, როგორიც ახალი წლის ღამეს ჩანდა, არის ტერმინი, რომელსაც უწოდებენ სავსე მთვარეს, როდესაც ის თავის ორბიტაზე მოძრაობისას ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან და ჩანს ჩვეულებრივზე უფრო დიდი და კაშკაშა.
31 იანვარს, ამ თვის მეორე სავსემთვარეობა იქნება, თუმცა ამავე დროს, ეს იქნება იშვიათი შემთხვევა, რომელიც ყოველ 2,5 წელიწადში ერთხელ ხდება და ლურჯ მთვარეს უწოდებენ.
გარდა ამ ყველაფრისა, ამ დროს ასევე მოხდება მთვარის სრული დაბნელება. მოვლენა საუკეთესოდ გამოჩნდება შუაღამის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ინდონეზიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.
იმის გამო, რომ დაბნელების დროს მომავალი შუქი ატმოსფეროში შემოსვლისას იფილტრება, მთვარის დისკოს გარს შემოერტყმევა ლურჯი სინათლე, წითელი კი აირეკლება. სწორედ დაბნელებული მთვარის მოწითალო ფერიდან გამომდინარე უწოდებენ მას სისხლისფერ მთვარეს.
მეცნიერული თვალსაზრისით, ეს მოვლენა ძალზედ ნაკლებად მნიშვნელოვანია. მეცნიერებს უკვე კარგად აქვთ შესწავლილი მთვარის ორბიტა. მკვლევართა განცხადებით, ამ მოვლენის ნამდვილი გავლენა ისაა, თუ რამდენად უღვივებს ეს და მსგავსი ასტრონომიული მოვლენები ადამიანებს მეცნიერებისადმი ინტერესს.
„ყველაფერი, რაც ადამიანებს მეცნიერებისადმი ინტერესს უღვიძებს და ეხმარება გააცნობიერონ, რომ მეცნიერება მნიშვნელოვანია — ძალიან კარგია“.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით