მთელი მსოფლიოს მტკნარ ტბებში ძლიერ შემაშფოთებელი პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მთელი მსოფლიოს მტკნარ ტბებში ძლიერ შემაშფოთებელი პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, წყალმცენარეების აყვავებისა და ჟანგბადის გამოლევის გაძლიერებასთან ერთად, დედამიწის მტკნარი წყალსატევები იმაზე დიდი მაჩვენებლით ორთქლდება, ვიდრე წარმოგვედგინა.

გარდა ამისა, „ტბის აორთქლება ჰიდროლოგიურ ციკლში იმაზე დიდ როლს თამაშობს, ვიდრე გვეგონა“, აღნიშნავს კვლევის ავტორი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ეკოლოგი განგ ჟაო. შესაბამისად, ამ პროცესს არსებითი გავლენა აქვს ამინდისა და კლიმატის მოდელირებაზე.

თავიანთ მოლიცლიცე წყლებით, ბუნებრივი თუ ხელოვნური ტბები დედამიწის ხმელეთის დაახლოებით 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფარავენ. შეიცავენ ჩვენი პლანეტის ზედაპირის მტკნარი წყლის თითქმის 90 პროცენტს და სავსეა ხშირად უნიკალური სიცოცხლით.

თუმცა, ტემპერატურის მატებამ და ღრუბლოვანი საფარის ცვლილების გამო მომატებულმა მზის რადიაციამ ცა წყლით ისე აავსო, როგორც არასდროს. ცაში წყლის მოლეკულების ასვლას კიდევ უფრო აადვილებს ყინულოვანი საფარის შემცირება და მათ ადგილას წყლის გაჩენა. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს წყლის ციკლის აჩქარებას — სახმელეთო წყალსატევიდან ატმოსფეროში გაფანტვას.

წყლის ამ ტრანსფერის წინა შეფასებები აორთქლების მაჩვენებლებს ეფუძნებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს კარგად ვერ ასახავს დაკარგული წყლის მოცულობას, რადგან ჩართულია დინამიკაც, მაგალითად, გაყინვისა და ლღობის ციკლები. ლოკალიზებულ გარემო პირობებზე ასე დამოკიდებულების გამო, აორთქლების სანდო საზომს ყოველი ტბისთვის ცალკე ანგარიშობდნენ.

ამიტომ, ჟაომ და მისმა კოლეგებმა ეს გაანგარიშებები მსოფლიოს 1,42 მილიონი ტბისთვის გააკეთეს. გამოიყენეს ინფორმაცია წყლის დაკარგვის თვიური მაჩვენებლის შესახებ, რაც თანამგზავრებმა 1985-2018 წლებში შეაგროვეს და თითოეული ამ ტბის შემთხვევაში განპირობებულია აორთქლების მაჩვენებლით, ზედაპირის ფართობით, ყინულის ხანგრძლივობით და სითბოს შენახვის ცვლილებით.

„დავადგინეთ, რომ ტბის გრძელვადიანი აორთქლება შეადგენს წელიწადში 1500 პლუს-მინუს 150 კუბურ კილომეტრ წყალს, რაც 15,4 პროცენტით უფრო მეტია აქამდე არსებულ შეფასებებზე“, — ამბობს ჟაო.

გამოდის, რომ ცა ყოველ წელს წინა წელზე სამი ტრილიონი ლიტრით მეტ წყალს „სვამს“. მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ აორთქლებაში პროპორციულად უფრო დიდი წვლილი შეაქვს ხელოვნურ წყალსაცავებს (16 პროცენტი) ვიდრე მათი ტევადობიდან გამომდინარე უნდა იყოს.

„გლობალური გადმოსახედიდან, წყალსაცავების საერთო აორთქლების მაჩვენებელი შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე საშინაო და სამრეწველო წყლის ჯამური მოხმარება. თუმცა, მაინც არის ზოგიერთი, ძალიან ცოტა ტბა/წყალსაცავი, მაინც ინარჩუნებს აორთქლების საიმედო მაჩვენებელს“, — ამბობს მკვლევარი ჰულინ გაო.

ჟაომ და მისმა ჯგუფმა საკუთარი კვლევის საფუძველზე მონაცემთა ბაზა შექმნეს — სახელად ტბების გლობალური აორთქლების მოცულობა (GLEV), რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და მისი გამოყენებისკენ მოუწოდებენ წყლის მენეჯმენტის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებთ და სამეცნიერო საზოგადოებას.

„რადგან შეტანილია თითოეული წყალსატევის მონაცემი, GLEV-ს შეუძლია მთელ მსოფლიოში გააუმჯობესოს წყალსატევების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება, განსაკუთრებით მზარდი გვალვებისა და მოსახლეობის ზრდის პირობებში“, — ამბობს გაო.

მისი განცხადებით, ეს მონაცემთა ბაზა სამეცნიერო საზოგადოებას დედამიწის სისტემებში ამ წყალსატევების როლის უკეთესად შეფასებაში დაეხმარება, გლობალური ამინდის პროგნოზიდან, წყალდიდობებისა და გვალვებიდან დაწყებული, კლიმატის ცვლილების პირობებში დედამიწის სისტემის მოდელირებით დამთავრებული.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია today.tamu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.