სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ხარჯების შემცირებაზე ინფორმაცია სამი თვის შემდეგ დაკონკრეტდება
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ დღეს პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები წარადგინა.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, სამთავრობო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული უწყებების შერწყმა რეორგანზიაცია-ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
“წარმოდგენილია მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონის მეთოთხმეტე მუხლში ცვლილებები, რომელიც მიხედვითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი. გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი. დანარჩენი სამინისტროები იმავე სახით რჩებიან. წარმოდგენილი კანონპროექტით, უმნიშვნელოვანესია გარდამავალი დებულებები, რომლის მიხედვითაც უწყებებს ევალებათ სამი თვის ვადაში შესაბამისი სტრუქტურების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია მოახდინონ, რის შედეგადაც ცნობილი გახდება ის რიცხოვნობა, რა ადამიანური რესურსიც იქნება აღნიშნულ უწყებებში დასაქმებული. კანონმდებლობის თანახმად, ეს ყველაფერი საბიუჯეტო ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რომლის შემცირების ოდენობაც სამი თვის შემდეგ იქნება უფრო კონკრეტული, რადგან დასრულდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სამთვიანი პერიოდი”, – განაცხადა თადუმაძემ.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, მთავრობას ევალება ექვსი თვის ვადაში მოახდინოს ყველა იმ სტრუქტურის, დებულებების და სამართლებრივი აქტებით უზრუნველყოფა, რომლებიც განიცდიან რეოგანზაცია-ლიკვიდაცია-ოპტიმიზაციის პროცესს.
“ამ პროცესს თან სდევს სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელის თანახმადაც სახელმწიფო დაზვერვის სამსახური უერთდება მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ყველა ფუნქცია, რაც კანონმდებლობის თანახმად ჰქონდა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს, გადაეცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქაც გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულია სალიკვიდაციო და საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნული უწყებების შერწყმასთან. გარდა ამისა, არის კანონპროექტი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩამოყალიბება და შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების საბჭო, როგორც მთავრობის საკონსულტაციო სათათბირო ორგანო, უქმდება, მაგრამ მის ბაზაზე კრიზისული მართვის საბჭოს კომპონენტში ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პირდაპირ დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს”, – აღნიშნა თადუმაძემ.