მთავრობის სხდომაზე ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებით ინიციატივას განიხილავენ
მთავრობის სხდომაზე დღეს ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებით ინიციატივას განიხილავენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მან საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ციფრულ ტექნოლოგიებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ბუნებრივია, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება, რომ ის პროპორცია შევინარჩუნოთ ხარჯების, რომელიც აღვნიშნე. სხვათაშორის, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის მთავრობის სხდომაზე – ეს არის ელექტრონული ხელმოწერა. აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბიზნესპროცესები დროში უფრო ეფექტიანი და მოკლე გავხადოთ, რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიით“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერი განმარტავს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ბიზნესგარიგებების განვითარებას საქართველოში, ასევე კომერციული საქმიანობა და ტრანზაქციები დროში უფრო ეფექტიანი გახდება.
მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე დღეს ორი საკითხი წარადგინა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება. ამასთან, მან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. ამ ეტაპზე, სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.