მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა.
როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, გიორგი თაბაგარი არ არის დაკავებული, მოხდა მისი ტერიტორიიდან გაყვანა.
ამასთან, კანცელარიასთან მიმდინარეობს კონტრაქცია, რომელსაც გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერი პირების ნაწილი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე მართავენ.
გიორგი თაბაგარის მოთხოვნა იყო, აღნიშნულ პირებს გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და მიეცათ აქციის ჩატარების შესაძლებლობა.
კონტრაქციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ არატრადიციული ნორმის გავრცელებას ქვეყანაში და არ მისცემენ შესაძლებლობას, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ ერთკვირიანი ღონისძიება ჩააატარონ.
ამასთან, კანცელარიასთან კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, „პრაიდის“ ორგანიზატორების ნაწილმა სცადა, რომ კანცელარიასთან მისულიყვნენ და გაემართათ აქცია, თუმცა პოლიციამ ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვა.
„თბილისი პრაიდის“ დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა და მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდი.
სოციალურ ქსელში დაანონსებული აქციის მონაწილეების მისვლამდე, ადგილზე მივიდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები. როგორც ისინი ამბობენ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.