მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბოტების“ აქცია გაიმართა 
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბოტების“ აქცია გაიმართა 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ბოტების” აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა სოციალური ქსელების ყალბი მომხმარებლის სიმბოლოდ მთავრობის კანცელარიასთან რეზინის ბოტები მიიტანეს.

როგორც დღევანდელი აქციის მონაწილეები ამბობენ, პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა, ყალბი მომხმარებლების ე.წ ბოტების ხარჯზე გაიზარდა მოწონების რაოდენობა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ყალბი მომხმარებლების შეძენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა მთავრობის მიერ, რაშიც მილიონობით ლარია გადახდილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობა ამ ქმედებით არასწორი აზრის ფორმირებას ცდილობს, თითქოს მის განცხადებას კრიტიკული გამოხმაურებები არ მოყოლია.

აქციის მონაწილეების საპასუხო განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან რუხაძემ გააკეთა.

“გუშინ საღამოს 18:00 საათისთვის პრემიერ-მინისტრის სოციალური გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა ორგანიზებული ვირუსული შეტევა ანუ „ტროლინგი“, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები თუ „ფეისბუქ“ მომხმარებლები იყენებენ პროტესტის გამოსახატავად, შესაბამისად, პოსტზე ემოციების მატებას მოყვა არაეთიკური კომენტარებიც, რომელზეც გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება. წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები. დაახლოებით 20:00 საათისთვის პოსტის მოწონების ანუ ლაიქ პროცესის დისკრედიტირების მიზნით გამოჩდნენ არაქართული წარმოშობის ყალბი მოხმარებლები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, შესაბამისად ეს პროცესი განხორციელებული იყო იმ ჯგუფების მიერ ვის მიზანსაც წარმოადგენდა პრემიერ -მინისტრის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება. ჩვენი მხრიდან ეს არ მომხდარა”, – განაცხადა რუხაძემ.