მთავრობის ანგარიშის მიხედვით, საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მილიონ ლარს შეადგენს
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მილიონ ლარს შეადგენს

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშში ერთ-ერთი თავი საკარანტინო ზონების მართვას ეთმობა.

ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ინფექციის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, მთავრობამ დაიწყო საკარანტინო სივრცეების შექმნა, რომლებითაც დღემდე უზრუნველყოფს რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან.

ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან.

„საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს, მათ შორისაა: სასტუმროს მზაობა პროექტში ჩართვისა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობისათვის. სამუშაო პროცესში სასტუმროების ნაწილმა განაცხადა უარი.

პრიორიტეტი ენიჭებოდა აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს მდებარე განთავსების ობიექტებს; ასევე, მჭიდროდ დასახლებული ადგილებისაგან მოშორებით მდებარე ობიექტებს. თუმცა, მოგვიანებით, განსათავსებელი ნაკადის ზრდასთან ერთად, საკარანტინო სივრცეებად გამოსაყენებელ სასტუმროთა მდებარეობა გასცდა ზემოხსენებული პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრულ არეალს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ყურადღება გამახვილებულია სავენტილაციო სისტემაზე.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, სასტუმროს ნომრებს უნდა ჰქონოდა ცენტრალური ან/და ინდივიდუალური გათბობა/გაგრილების ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ოთახებს შორის ჰაერის ცირკულაციას“,- აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.

„საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა 34 სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას – 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს.“,- ნათქვამია ნაგრიშში.

მთავრობის ინფორმაციით, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა.

„ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება.

უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ „კოვიდ-19“-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ“,- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში, სადაც ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს.